ავტორიზაცია

2017-10-12 12:30 ნანახია: 196-ჯერ

გაისად სიგარეტი აღარ გაძვირდება

2018 წელს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი არ გაიზრდება, შესაბამისად, აღარც სიგარეტი გაძვირდება. მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება აქციზიური გადასახადის გეგმის შეუსრულებლობას.

როგორც ცნობილია, აქციზის გადასახადთან დაკავშირებით 2018 წლის ბიუჯეტში კლებაა დაგეგმილი. კერძოდ, თუკი აქციზის გადასახადი 2017 წელს იყო 1,627 მლრდ ლარი, გაისად დაგეგმილია 1,450 მლრდ ლარი. აშკარად ჩანს, რომ წელს ნახტომისებურმა საგანაკვეთო მატებამ ვერ გაამართლა. საბიუჯეტო გეგმა არ სრულდება და ამიტომ გაისად ნაკლები დაიგეგმა. თამბაქოს ნაწარმის მსგავსად აქციზის განაკვეთი არ იზრდება არც ნავთობპროდუქტებზე და არც ავტომობილებზე.

როგორც "რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება ამ მიმართულებით (საუბარია თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთის ზრდაზე) გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე, გაისად სიგარეტის აღარ გაძვირდება.

2013 წლის შემდეგ თამბაქოზე აქციზის გადასახადი სამჯერ გაიზარდა. ფილტრიან სიგარეტზე განაკვეთმა 60 თეთრიდან 1,1 ლარამდე მოიმატა, ხოლო უფილტროზე აქციზი 15 თეთრიდან 30 თეთრამდე ავიდა. 2015 წლის 1-ლი ივლისიდან კი დაწესდა დამატებითი, ე.წ. ადვალური გადასახადი, რომელიც ამჟამად თამბაქოს საცალო-სარეალიზაციო ფასის 10%-ით განისაზღვრება. მთლიანობაში აქციზის ზრდამ თამბაქოს პროდუქცია, საშუალოდ, 30%-ით გააძვირა.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაეზარდათ. წესით, ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამჯერად მთავრობამ გადაწვეტილება შეცვალა. როგორც ცნობილია, გადასახადის მატებას იმპორტიორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას ითხოვენ. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირება წარმოუდგენელია, თუმცა ჯერჯერობით 2018 წლის ბოლომდე მაინც, აქციზის ოდენობა თამბაქოზე ხელშეუხებელი დარჩება.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ მთავრობას მოუწევს გარკვეული ცვლილების შეტანა ბიუჯეტში თამბაქოს აქციზთან დაკავშირებით, რის ვალდებულებაც ქვეყანას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად აქვს აღებული. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის გიორგი ბახტურიძის თქმით, ქვეყანას თამბაქოს მომხმარებელთა დასაცავად მეტი ყურადღება მართებს. იგი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ რეგულაციების გამკაცრება თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე საგრძნობ გავლენას მოახდენს.

"აქციზის გადასახადის გაზრდა მთავრობის მხრიდან ეფექტურო ზომაა, რაც ქვეყანამ უნდა განახორციელოს. არ ვიცი, რამდენად არის ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული, მაგრამ ვიცი, რომ რეაგულაციები მკაცრდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აქციზის გადასახადიც მოიმატებს, წესით ასე უნდა მოხდეს, რადგან ეს ვალდებულება ნაკისრი გვაქვს. ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 1,8 ევროს დონეზე დაფიქსირდეს. ჯერჯერობით ამ მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება - 1,9 ლარია. სტანდარტს თუ მივყვებით, ყოველწლიურად 60-70 თეთრით უნდა გააძვირონ გადასახადი, რაც თამბაქოს მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

დღესდღეობით პროდუქტის თვითღირებულება არის 20 თეთრი (დანარჩენი გადასახადებია) და პროდუქციის საშუალო ფასი დღეის მდგომარეობით 2,20 ლარია, ანუ ინდუსტრიის მოგება არის უზარმაზარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასი შესამჩნევად გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში რაღაც ნაწილი ან თავს დაანებებს მოწევას, ან შეამცირებს მოხმარებას", - აცხადებს ბახტურიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც "ჯითიაი კაუკასუსის" მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი ივა ხასია აცხადებს, აქციზის მატებას სიგარეტის რეალიზაციის შემცირება არ გამოუწვევია. "შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მოსახლეობა უფრო დაბალფასიან თამბაქოზე გადავიდა. გარდა ამისა, გაძვირებამ ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქციაც მოამრავლა. სამომავლოდ, სწორედ მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად ელის თამბაქოს ინდუსტრია მათ მიერ წარდგენილი აქციზის მატების 12-წლიანი გეგმის დამტკიცებას", - ამბობს ივა ხასია.


წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მოგვწერეთ საინტერესო სტატია, ინფორმაცია, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი