2017-10-12 12:33 ნანახია: 494-ჯერ

სინოდის 2-საათიანი სხდომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

საპატრიარქოში გუშინ სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა და ის საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ ახლა უკვე საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს "ციანიდის საქმეზე", რის შემდგომაც გადაწყდება, ჩამოართვან თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასულიერო პირის წოდება;

ეპისკოპოსობა შეუნარჩუნდება და მონასტერში გაიგზავნება ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მმართველი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც პედოფილიის სკანდალთან იყო დაკავშირებული;მღვდელმსახურების უფლება აღუდგა გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმე ლეჟავას, რომელსაც ავტოავარიის ბრალდებით ჰქონდა წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებული.

ეს იყო თემები, რომლებიც სინოდის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს. მოლოდინი იყო, რომ მეორე გაფრთხილებას მიიღებდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, თუმცა ეს არ მოხდა.

სანამ სინოდის განჩინება ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, ეპისკოპოსების მოულოდნელ შეკრებაზე განხილული 3 საკითხის შესახებ ცნობები მანამ გავრცელდა.

წმინდა სინოდის სხდომა დილის 12 საათზე დაიწყო. სხდომას ხელმძღვანელობდა პატრიარქი ილია მეორე. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში სინოდი ძირითადად 2-ჯერ იკრიბება, წელს პირველი სხდომა 9 მარტს გაიმართა, წლის ბოლოს კი მეორე სხდომა ისედაც უნდა ჩატარებულიყო, მღვდელმთავრები აცხადებდნენ, რომ ამ სხდომის შესახებ მხოლოდ წინა დღით მიიღეს ცნობა და არც განსახილველი საკითხების შესახებ უცნობებიათ მათთვის.

ამიტომაც ნაწილი აცხადებდა, რომ ეს სხდომა საგანგებო იყო. სხდომის საგანგებოდ მოწვევა უარყო პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომლის თქმით, ეს შეკრება დიდი ხანია, მზადდებოდა და ამაში არაფერია მოულოდნელი.

ის გამორიცხავდა იმასაც, რომ სხდომაზე "ციანიდის საქმე" იქნებოდა განხილული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს თემა განიხილეს. ასევე, გავრცელდა ცნობა, რომ სინოდის სხდომაზე საკმაოდ ხმამაღალი კამათი იყო ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრესა და პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს შორის.

მღვდელმთავრების მცირე ნაწილი ითხოვდა, მეუფე პეტრეს მეორე გაფრთხილება მიეღო მედიაში საუბრის გამო, თუმცა ამჯერად ჭყონდიდის მიტროპოლიტის გაფრთხილებას უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.

ის, რომ მეუფე პეტრეს გაფრთხილება არ მიუღია, დაადასტურა თავად მიტროპოლიტმა, რომელმაც ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ მოკლე კომენტარად განუცხადა, რომ გაფრთხილება არ მიუღია და "დღევანდელი სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია ეკლესიისთვის".

2-საათიანი შეხვედრის შემდეგ მღვდელმთავრების უმეტესობამ შავი ჯიპებით უკომენტაროდ დატოვა საპატრიარქოს ეზო.

ერთადერთი, მხოლოდ რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ისაუბრა უფრო ვრცლად ჟურნალისტებთან. მან თქვა, რომ მეუფე პეტრესა და ქორეპისკოპოს იაკობს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, იყო მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა და ფაქტების ინტერპრეტაცია.

მეუფე იოანეს თქმით, რამდენიმე საკითხი განიხილეს, ერთ-ერთი საკითხი მეუფე სერაფიმესთან იყო დაკავშირებული, მას ეპისკოპოსობა შეუნარჩუნდება და ბორჯომში, მონასტერში, გაიგზავნება.

ცნობისათვის, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას გასული წლის აპრილში ეპარქიის დატოვება საკმაოდ მძიმე ბრალდების - არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო მოუწია.

მაშინ ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა ეპარქიას, მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზი არ გამოეძიებინათ. გამოძიება არც პროკურატურას უწარმოებია.

ამ სკანდალის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მმართველი ჯერ გერმანიაში გაუშვეს, ბოლო პერიოდში კი რუსეთის პატრიარქ კირილის გვერდითაც გამოჩნდა საზეიმო წირვაზე.

"მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ მე არ მინდა ეს აყალმაყალი და მშვიდად წავალ მონასტერშიო. აქამდე ათონზე იყო და კიდევ რამდენიმე მონასტერში", - თქვა მეუფე იოანემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თავად გადაწყვეტს.

"ასევე მოხდა მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების აღდგენა. სასამართლომ გამოძიების შემდეგ დაადგინა, რომ ის იყო უდანაშაულო. იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, უბრალოდ, მეუფემ საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ის არ იყო დამნაშავე და ამიტომ მას აღუდგა მღვდელმსახურება.

"რაც შეეხება მამა გიორგის, რადგან სასამართლო მასთან დაკავშირებით დასრულებულია და განაჩენი გამოტანილია, გადაწყდა, ეკლესიის კანონების მიხედვით განვიხილოთ საკითხი.

"ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, რჯულის კანონი. ეს შეეხება მისი მღვდელმსახურების გაგრძელებასა თუ შეჩერებას, ზიარების, მსახურების დაყენების საკითხს. ამას განიხილავს ეკლესია. მეუფე პეტრეს საკითხი დაყენებული არ ყოფილა", - განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com