2017-11-13 10:50 ნანახია: 22-ჯერ

დავით ნარმანიას განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100 პროცენტით შესრულდა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100%–ით შესრულდა.

ამის შესახებ ნარმანიამ 2014-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

    მისი თქმით, აღნიშნული სამსახური, ყოველწლიურად, ადმინისტრირებას უწევდა 29–31 პროგრამას. 2014–2017 წლებში კი 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა. ნარმანიას თქმით, აშენდა და 2016 წლიდან სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირებს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ორხევში კი სოციალური საცხოვრისი გაიხსნა, რომელიც 75 ოჯახზეა (300–მდე პირი) გათვლილი.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, „კომუნალური სუბსიდირების პროგრამის“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კომუნალური დახმარება გაორმაგდა და 500 ლარი გახდა, რაც ზამთრის პერიოდზე (5 თვეზე) ნაწილდება და აბონენტის ნომერზე ირიცხება.

ნარმანიამ სასწრაფო სამედიცინო ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრმა შეიძინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 19 ახალი მანქანა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com