2017-11-13 12:11 ნანახია: 375-ჯერ

ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, რომელიც განათლების სამინისტროში ჯეჯელავას ჩაანაცვლებს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის ნაწილი უერთდება, ხოლო ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა და მას ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. 

მიხეილ ჩხენკელი თსუ-ის პრორექტორად 2016 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე თსუ-ის მოქმედმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შეარჩია, რომელიც თავად რექტორად არჩევამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. შარვაშიძის რექტორობას უნივერსიტეტში დიდი ხმაური მოჰყვა, რადგან სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის უნივერსიტეტის მმართველად დანიშვნა მის ავტონომიურობას საფრთხეს შეუქმნიდა. 

პროფესორ მიხეილ ჩხენკელს დამთავრებული აქვს თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტი. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მათემატიკაში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა კიდეც. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ერთერთი დამფუძნებელია, სადაც სრული პროფესორის ხარისხით ასწავლიდა და სხვადასხვა დროს იკავებდა ინფორმატიკისა და ინჟინერიის დეკანისა და უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტის პოსტებს. 

პენსილვანიის უნივერსიტეტის გარდა, ჩხენკელს პროფესიული კავშირები აქვს ჰარვარდის, პრინსტონის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში, ასევე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 

სხვადასხვა ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, ამასთან, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის და Goldman Sachs-ის ფონდის პრემია. აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენეციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენეციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი იყო.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com