2017-11-17 10:01 ნანახია: 291-ჯერ

პაციენტის მტკიცებით, ლაბორატორიაში С ჰეპატიტი დაუდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა

პაციენტის ინფორმაციით, თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევის შედეგად, პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად აღნიშნულმა პირმა განუცხადა, ე.წ. PCR კვლევის განმეორებით ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ „ლაბორატორიის აპარატი, რომლითაც დიაგნოზი დაუსვეს, მწყობრიდან იყო გამოსული“. მისივე ინფორმაციით, არ არის მხოლოდ ერთადერთი პაციენტი, რომლის დიაგნოზშიც ცდომილება აღმოჩნდა.

„ჩავაბარე ანალიზები ნარკოლოგიის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის კვლევისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ სამწუხაროდ, ჩემთვის ცუდი ინფორმაცია ჰქონდათ და მე С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი ვიყავი. დიაგნოზში წერია: „ტესტირებამ აჩვენა, თქვენ ინფიცირებული ხართ С ჰეპატიტის ვირუსით. თქვენი სისხლით სავარაუდოდ, დაბინძურებული საგნების გაზიარებით შესაძლოა გადასცეთ ინფექცია სხვა ადამიანებსაც. С ჰეპატიტის ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და საჭირო მკურნალობის მისაღებად თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს“. გადამოწმება არც მიფიქრია, თუმცა რამდენიმე დღეში თავად დამიკავშირდნენ და მითხრეს, აპარატურამ აურია და დიაგნოზი არასწორი იყო, რის გამო ანალიზები თავიდან უნდა გამეკეთებინა. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, თურმე С ჰეპატიტის ვირუსი არ მქონია.ფაქტობრივად გადავრჩი, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვა ვერ მოვასწარი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა პაციენტმა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თავად ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც დაუკავშირდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს, რისი მიზეზიც „შესაბამისი აპარატის ტექნიკური პრობლემა იყო“.

„კვლევა ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე, რომელიც მანქანაა და შესაძლოა, რაღაც აერიოს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აპარატში იყო პატარა ტექნიკური შეცდომა. იმ დღეს, რა კვლევებიც ჩატარდა, რამდენიმე ნიმუშში იყო ცდომილება; ზუსტად არ მახსოვს, მგონი 5 ნიმუშში. მაგრამ განსხვავებული შედეგით, ჯერ დადებითი რომ ყოფილიყო და განმეორებითი კვლევით რადიკალურად განსხვავებული შედეგი, უარყოფითი შედეგი დამდგარიყო, მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ვირუსის ციფრებში იყო მცირე ცდომილება. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ლაბორატორია 100%–იან შედეგს ვერ დადებს“,

– განაცხადა ალხაზაშვილმა და დასძინა, რომ „ასეთი რადიკალურად განსხვავებული შედეგით შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა და ეს იყო პირველად“.