2018-01-11 00:29 ნანახია: 567-ჯერ

მოდით შევთანხმდეთ - თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს!

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ე.წ. სპეც-ოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დილის 8 საათისათვის დღეს, 2 კვირიანი ბრძოლის შედეგად, სამწუხაროდ დაგვემშვიდობა. დაგვემშვიდობა არა ბუნებრივი სიკვდილით, არამედ ის მოკლეს. ამის დამტკიცება ზოგადად შესაძლებელია ლოგიკური ფაქტებით, რომლებიც ჯაჭვურად ებმევა ერთმანეთს. გთავაზობთ ჯაჭვურ ბმას:

1. თემირლანს ღამე შეუვარდნენ და დაჭრეს თავის არეში;

2. დაჭრილი თემირლანი რამოდენიმე საათის დაგვიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში;

3. რამდენიმე დღიანი დაგვიანებით გადმოიყვანეს თემირლანი თბილისში;

4. ბოლო 5 დღე ოჯახი აქტიურად საუბრობდა თემირლანის ევროპაში ან თუნდაც თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე - ჯანდაცვის სამინისტროსგან და სუს-ისგან კი გვესმოდა, რომ ვითომ ავსტრიის და გერმანიის კლინიკებმა თქვეს უარი, მაშინ როდესაც ოჯახი აცხადებდა საპირისპიროს;

5. როგორც იქნა და ოჯახმა მონახა თურქეთში კლინიკა, რომელმაც თანხმობა განაცხადა - დღეს უნდა გადაეყვანათ დილას თემირლანი - უეცრად ვიგებთ მისი გარდაცვალების ფაქტს.

ჯაჭვური ბმა: ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანულმა კლინიკებმა უარი თქვეს, ოჯახი კი ამბობს, რომ კლინიკა მზად იყო მისაღებად და მკურნალობა ჯდებოდა 200 000 ევრო, ტრანსპორტირება კი 10 000 ევრო. აქვე გვესმოდა, რომ სუს-ი აქტიურად იყო ჩართული კლინიკის მოძებნაში.

პანკისის სპეცოპერაციამდე - ჩნდება კითხვა, 19 წლის ახალგაზრდა ბიჭს რამდენად შეეძლო ასეთი კავშირების ქონა, მათ შორის ჩატაევთან? შეგახსენებთ საუბარია ახმედ ჩატაევზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოუშვა ციხიდან. საინტერესოა როგორ დატოვა მან ქვეყანა და შემდეგ როგორ შემოაღწია ქვეყნის ტერიტორიაზე? ჩნდება კითხვა, სპეცოპერაციის დღეს (გაბრიელ სალოსის ქუჩაზე) თუ არ იყო თემირლანი, როგორ აღმოჩნდა საქმეში? ეს და სხვა მრავალი კითხვა დღეს პასუხგაუცემელია...

რაც შეეხება პანკისის სპეც-ოპერაციას - ცალსახად ჩნდება კითხვა - სად არის ხელყუმბარა, რომელიც ვითომ უნდა აეფეთქებინა მაჩალიკაშვილს?

თემირლან მაჩალიკაშვილი არ გარდაიცვალა, ის მოკლეს. მის სიკვდილში კი არის დამნაშავე ქართული ოცნება და ასევე მინისტრი სერგეენკო. რათქმა უნდა ქართულ ოცნებას არ აწყობდა თემირლანის გადარჩენა, რადგანაც ის ყველაფერს იტყოდა. აბა ვინმე სხვა ყოფილიყო? და მათთვის საპირისპირო აზრის მქონეს დასჯაზე ყოფილიყო საუბარი? მკვდარსაც გააცოცხლებდნენ და აშშ-ში გადაიყვანდნენ სამკურნალოდ, ოღონდ მიეღოთ თავიანთვის საჭირო ჩვენება!

მგონი დროა გამოფხიზლდეს ერი... დღეს ეს იყო თემირლანი (აღარ ვამბობ ოცნების რეჟიმის სხვა მსხვერპლებზე), ხვალ შემდეგი თემირლანი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე...

დავით დონერიანი



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...