2018-02-08 21:41 ნანახია: 228-ჯერ

რუსთავის სკოლაში მოწამლული ბავშვების მშობლები მიზეზად დაბინძურებულ წყალს ასახელებენ

loading...

ქალაქ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში 15 ბავშვი მოიწამლა. სხვადასხვა კლასის მოზარდებს მსგავსი სიმპტომები, პირღებინება და მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდათ. ბავშვების მოწამვლას მშობლები სასმელ წყალს უკავშირებენ.

ბავშვები ამბობენ, რომ სპორტის გაკვეთილის დამთავრებისას ონკანიდან წყალი დალიეს და ცუდად ამის შემდეგ გახდნენ. პირველადი დახმარება 15-ვე მოზარდს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სკოლაშივე აღმოუჩინა.

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი არ ადასტურებს, რომ მოზარდების მოწამვლა სასმელ წყალს უკავშირდება. სპეციალისტებმა დაწესებულებიდან წყლისა და საკვები პროდუქტების სინჯები მაინც აიღეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში წყალთან დაკავშირებულმა პრობლემა საგრძნობლად იმატა. რუსთაველები სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ.

„რუსთავის წყალში“ ადასტურებენ, რომ სასმელი წყლის ხარისხის გამო კომპანიაში გუშინ რამდენიმე ზარი ბათუმისა და რუსთაველის ქუჩებიდან შევიდა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მე-16 საჯარო სკოლაში პირველადი კვლევები უკვე ჩატარდა და დასკვნის მიხედვით ბავშვების მოწამვლა წყალს არ უკავშირდება.

სკოლაში დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოც მუშაობდა. უწყების წარმომადგენლებმა დაწესებულებიდან წყლისა და საკვები პროდუქტების ნიმუშები აიღეს. სავარაუდოდ, სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტო დადგენს, რამ მოწამლა 15 მოზარდი.


 ავტორი: შოთა კიკნაძე



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...