თითოეული პატრული გააფრთხილა მითიურმა, ჭაღარა, ულვაშებიანმა კაცმა - გურამ დონაძე

2018-02-13 22:06 ნანახია: 269-ჯერ

თითოეული პატრული გააფრთხილა მითიურმა, ჭაღარა, ულვაშებიანმა კაცმა - გურამ დონაძე

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მთავარ მოწმეს, ყოფილ მსჯავრდებულს, გიორგი ბაშალეიშვილს დაცვის მხარე დაკითხავს. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მასთან მნიშვნელოვანი კითხვები ექნებათ.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თითქმის 80 ადამიანი ამბობს, რომ თითოეული  მათგანი გააფრთხილა ვინმე ჭაღარა ულვაშებიანმა კაცმა.

„თითოეული პატრული გააფრთხილა მითიურმა, ჭაღარა, ულვაშებიანმა კაცმა, უთხრა, ჩვენ მოვკალით ადამიანი, იარაღები უნდა მოვიტანოთ და ასე და ასე უნდა დაწეროთო.

წარმოგიდგენიათ,  პროკურატურის 80 მოწმეს ეს მითიური ადამიანი უჯდებოდა მანქანაში და მინიმუმ 10 წუთი არწმუნებდა , რომ სიყალბე ჩაედინათ და იარაღები მოეტანათ. თუ ვინმე ასეთი მართლა არსებობს, მოვიდეს და თქვას, მე ვარ ეს ჭაღარა ულვაშებიანი, იარაღების მოტანა მე დავავალე, ამ ყველაფერში ჩავრთე მიქაძე, დონაძე და სხვა ბრალდებულებიო. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ არავის არაფერი მიუტანია და ასეთ ჭაღარაზე გვაქვს დღევანდელი ბრალდება აწყობილი. ბაშალეიშვილი, რომელიც საქმის უშუალო მონაწილეა, ისიც ამბობს, რომ ვიღაც ჭაღარა მასაც ჩაუჯდა მანქანაში. 15 საათის განმავლობაში, ვინმე ჭაღარა 80 ადამიანთან მანქანიდან მანქანაში დადიოდა, ამის ამსახველი არც ფირი არსებობს და არც მოწმე. ჭაღარა მითო, გამოგვეხმაურე, მოდი და უთხარი სიმართლე ოჯახს, მაგრამ ასეთი ადამიანი არ არსებობს. ბაშალეიშვილს არ ვიცნობ, არც ვიცნობდი და არც პროცესუალურ საგამოძიებო მოქმედებებში მიმიღია მონაწილეობა. ბატონმა ოქრუაშვილმა დამირეკა, მიდი რა ხდებაო, მივედი ვნახე, ტელეფონზე მოვუყევი, ეს ანძებზე გამავალი ზარებით დაფიქსირებულია, ის საქმის კურსში ჩავაყენე და შემთხვევის ადგილიდან წამოვედი,აქ დაიწყო და დასრულდა ჩემი მოქმედებები“, - განაცხადა გურამ დონაძემ.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი : გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე. 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...