უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

2018-02-13 18:01 ნანახია: 324-ჯერ

უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

მოქალაქეთა ჯგუფი დღეს, 20:00 საათზე, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან (ჭავჭავაძის 76 გ) შეიკრიბება და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ უკანონო ქმედებებს გააპროტესტებს. 

 აქცია "ფეისბუქზე" დაიგეგმა და ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი მივა მასში მონაწილეობის მისაღებად, ასევე უცნობია, შეუერთდებიან თუ არა მას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. 

 "ჩვენი აქცია, რასაკვირველია, არაა მიმართული საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ და პროტესტი ეხება პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრებს. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტს, მხარს ვუჭერთ მის თერიტორიულ მთლიანობას და ვაცნობიერებთ, რომ ეს ქვეყანა, ჩვენს ქვეყანასთან ერთად, რუსული სამხედრო აგრესიის, რუსული სპეცსამსახურების სამიზნეა.

 ჩვენ ვაპროტესტებთ პოროშენკოს გარემოცვის თავხედურ, ყოვლად მიუღებელ გამოხტომებსა და ქმედებებს, რომელსაც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ იყენებენ: ეს ე.წ. რეადმისია სინამდვილეში იყო ჩვეულებრივი გატაცება, რა დროსაც ფეხქვეშ გაითელა ადამიანის უფლებები და დაირღვა კანონის უზენაესობის პრინციპი. ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეები კი არ უნდა ვიკრიბებოდეთ, საქართველოში უკრაინის ელჩი უკვე უნდა იყოს გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხელისუფლებამ საპროტესტო ნოტით უნდა მიმართოს უკრაინის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა. 

 შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რეადმისიით გუშინ უკრაინიდან პოლონეთის დედაქალაქში გაგზავნეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ოლიგარქებისგან უკრაინისა და საქართველოს გასათავისუფლებლად ბრძოლას ევროპაში გააგრძელებს. 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...