2018-03-12 22:37 ნანახია: 214-ჯერ

ბაზარზე დაჭრილი და შეფუთული კარტოფილი გამოჩნდა - „ეს მხოლოდ დასაწყისია“

გაუყინავი, დაჭრილი და შეფუთული ახალციხის კარტოფილი ბაზარზე ერთი თვეა რაც გამოჩნდა. კომპანია „უჯაფო“ ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც პროდუქტს ასეთი ფორმით უშვებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალში კარტოფილის მსგავსად მომხმარებლებს სხვა პროდუქტებსაც შესთავაზებენ. 

კომპანია „უჯაფოს“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათი პროდუქტი ჯერ მხოლოდ „ნიკორასა“ და „გუდვილში“ იყიდება, თუმცა სულ მალე თბილისის ყველა ქსელში შევლენ. შემდეგში კი რეგიონებსაც მოიცავენ. 

„ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტია ქართულ ბაზარზე, იმიტომ, რომ მსგავსი პროდუქტი არ არსებობს. შენახვის პირობებზე წელიწადნახევარი ვმუშაობდით, ცდებს ვატარებდით. ძალიან დიდი შრომა დავხარჯეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. 

ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერჯერობით პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ამას გამოვუშვებთ. შემდეგ დაემატება ბოსტნეული - სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კობოსტო და ა.შ ეს პროდუქტებიც ზუსტად ასე იქნება ვაკუუმში დამზადებული. შეგიძლიათ იყიდოთ პარკს თავი მოაჭრათ და ნებისმიერი სახის კერძი მოამზადოთ“ - განაცხადა ტორონჯაძემ.

„უჯაფოს“ გასაყიდი ფასი 2.89 ლარია, შეფუთვა კი 750 გრამიანია. როგორც ტორონჯაძემ განაცხადა, პროდუქტის შენახვის ვადა 7 დღეა.


ლიკა ამირაშვილი