2018-03-12 22:03 ნანახია: 510-ჯერ

„თბილისში ელექტრომობილების სწრაფი დამტენები არ დამონტაჟდება“

ელექტრომობილების დამტენების მოხმარება 2018 წლის ბოლომდე უფასო იქნება. 

2019 წლიდან კი, ამას კომპანია E-space გადაწყვეტს, რომელიც საქართველოში ელექტროდამტენების სადგურების ქსელს ავითარებს. 

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ნატა კასრაძემ განუცხადა, მსოფლიოში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა ძირითადად ფასიანია, თუმცა E-space  დაინტერესებულია, რომ საქართველოში ეს სფერო განვითარდეს და დასაწყისში სერვისით სარგებლობა უფასო იყოს. 

„2017 წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ დამტენების მოხმარება წლის ბოლომდე უფასო იქნებოდა და ასეც იყო. ახლა კი, უკვე 2018 წლის დასაწყისში პირობას ვდებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდეც უფასო იქნება. შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, კვლავ უფასო დარჩება თუ არა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მსოფლიოში ძირითადად ფასიანია. მეზობელ ქვეყნებში კი ეს სფერო განვითარებული საერთოდ არ არის. გამონაკლისია უკრაინა, სადაც ქსელი შედარებით განვითარებულია. ევროკავშირის ქვეყნებში ქსელისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთავრობები უზრუნველყოფენ“, - აცხადებს ნატა კასრაძე.

მისი ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენების რაოდენობამ უკვე 40-ს მიაღწია. აქედან ერთი სწრაფი დამტენია და წლის ბოლომდე სწრაფ დამტენებს კიდევ 4-5 ცალი დაემატება.

„ამ ეტაპზე დამტენების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. აქედან ერთი სწრაფი დამტენი გორის ავტობანზე, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელის 100-მდე გაფართოებას ვგეგმავთ. უახლოეს ორ თვეში იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ობიექტზე დამტენები განთავსდება. ასევე, ვაპირებთ, რომ გზატკეცილებზე დავამატოთ სწრაფი დამტენები. 

თბილისში სწრაფი დამტენის დამონტაჟებას არ ვაპირებთ. სწრაფი დამტენის ხშირი გამოყენება რეკომენდირებული არ არის. მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც გრძელ დისტანციაზე უწევს მძღოლს გადაადგილება და ელექტრომობილის სწრაფი დამუხტვა სჭირდება. სწრაფი დამტენების შემთხვევაში სამომავლოდ მონაკვეთები ისე იქნება გადანაწილებული, რომ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ავტომობილს მუხტი ეყოს. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე 4-5 სწრაფი დამტენი დავამატოთ“, - აღნიშნავს კასრაძე.

მისივე თქმით, სწრაფი დამტენები განსაკუთრებით ავტობანებზეა საჭირო, მითუმეტეს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურების დროს: „ტურისტულ სეზონზე არის საჭიროება, რომ შავიზღვისპირეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე სწრაფი დამტენები დაემატოს. ამიტომაც ავტობანებზე სწრაფი დამტენების დამონტაჟება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ძირითადად მსგავსი დამტენები კერძო კომპანიების ტერიტორიებზე მონტაჟდება. ამდენად, მათგანაც შესაბამისი მზაობა უნდა იყოს“, - განმარტავს კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი.

მისივე თქმით, ელექტრომობილების დამტენებზე, ისევე როგორც ზოგადად ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია.

„მოთხოვნა და საჭიროება არის. ქსელი კარგად განვითარდა. სტატისტიკურად დამტენების მოხმარება გაიზარდა. ასევე, ძალიან გაიზარდა ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა. როდესაც დამტენების დამონტაჟება დავიწყეთ, 15 ელექტრომობილი იყო ქვეყანაში რეგისტრირებული. დღესდღეობით კი 100-მდე გაიზარდა. იგულისხმება სრულად ელექტრომობილები და არა ჰიბრიდები“, - აცხადებს ნატა კასრაძე.



თეონა კენჭიაშვილი