2018-04-03 10:05 ნანახია: 392-ჯერ

Facebook კრიზისი - რატომ კარგავს კომპანია ნდობას და მილიარდებს მონაცემთა დაუცველობის გამო

ფეისბუქი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისის წინაშეა. 

კომპანიამ უკვე დაკარგა 50 მილიარდი დოლარი, მარკ ცუკერბერგს 2 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოკითხვაზე იბარებენ, ინტერნეტში კი აქტუალური გახდა ჰეშთეგი: #deletefacebook - #წაშალეფეისბუქი. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ სოციალური მედიის გიგანტი ამ კრიზისს ვერ გაუძლებს და ეს ფეისბუქის ეპოქის დასასრულის დასაწყისია. 

რა ხდება და რა კავშირშია სკანდალთან პერსონალურ მონაცემები - ამის შესახებ სტატიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ავრცელებს. 


რა ხდება?

ფეისბუქს და კომპანია კემბრიჯ ანალიტიკას (Cambridge Analytica) მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან. კემბრიჯ ანალიტიკა ბრიტანული კომპანიაა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. არსებული ვერსიით, ფეისბუქის საშუალებით მან მილიონობით ამერიკელის მონაცემები მოიპოვა, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტები შექმნა და მათზე მორგებული კამპანიით ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო. თუ ეს ვერსია დადასტურდება, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო ფეისბუქის მომავალი, არამედ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც. 


მედიის ვერსია: როგორ გამოიყენეს ამომრჩევლის მონაცემები?

ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა Facebook-ის პლატფორმაზე აპლიკაცია „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“ („This is you digital life“) შექმნა. აპლიკაცია მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დასადგენად ტესტს სთავაზობდა. ტესტში დასმული იყო უამრავი შეკითხვა, პარალელურად კი აპლიკაცია ისეთ პერსონალურ მონაცემებზეც ითხოვდა წვდომას, როგორიცაა ადგილსამყოფელი, მოწონებული გვერდები, ინტერესები და სხვა. გარდა ამისა, მომხმარებელი აპლიკაციას ინფორმაციას აწვდიდა მისი Facebook მეგობრების შესახებაც. კოგანის აპლიკაციით დაახლოებით, 300 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. მათ მიერ მეგობრებზე გაცემული ინფორმაციების ჩათვლით, საერთო ჯამში 50 მილიონი ადამიანის მონაცემები შეგროვდა, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკის მოქალაქე იყო. არსებული ვერსიით, მოგვიანებით ეს მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ იყიდა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა - კერძოდ შექმნა მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაანალიზა ინფორმაცია და ამომრჩევლებზე მათზე მორგებული კამპანიით ზეგავლენა მოახდინა. 


რატომ არის ეს პრობლემა?

ერთი შეხედვით, არაფერია ახალი იმაში, რომ სოციალური ქსელი, თუ მასში განთავსებული სხვადასხვა აპლიკაცია ჩვენს შესახებ ინფორმაციას აგროვებს. აპლიკაციების გამოყენებისას, თუ ტესტების შევსებისას მონაცემების გაცემაზე მომხმარებელი თავად თანხმდება. ასე იყო „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“-ს შემთხვევაშიც. მთავარი პრობლემა იმაშია, რა მოუვიდა მონაცემებს მოპოვების შემდეგ. თუ მოპოვებული მონაცემები გადაეცა Cambridge Analytica-ს, ანუ მესამე კომპანიას, ეს ეწინააღმდეგება ფეისბუქის პოლიტიკას. გარდა ამისა, მონაცემები გასცეს, დაამუშავეს და გამოიყენეს არა იმ მიზნით, რაზეც მომხმარებლები ტესტის შევსებისას დათანხმდნენ, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის, ისე, რომ ამ ადამიანებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. 


როგორ გავრცელდა ინფორმაცია?

ინფორმაცია სააშკარაოზე, კემბრიჯ ანალიტიკას ყოფილმა თანამშრომელმა კრისტოფერ ვაილიმ გამოიტანა. მასზე დაყრდნობით ბრიტანულმა და ამერიკულმა მედიასაშუალებებმა მოკვლევა ჩაატარეს და კემბრიჯ ანალიტიკა მომხმარებლის მონაცემების უკანონო მოპოვებასა და გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანია ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.


რას ამბობს ფეისბუქი?

პირველ ოფიციალურ კომენტარში, რომლითაც მომხდარს გამოეხმაურა, ფეისბუქი თავს იმართლებდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ 2015 წელს შეიტყო მონაცემთა გადაცემის შესახებ, დაუყოვნებლივ წაშალა კოგანის აპლიკაცია და მხარეებს აპლიკაციით მოპოვებული მონაცემების განადგურება მოსთხოვა. ფეისბუქი ირწმუნებოდა, რომ მას მონაცემების განადგურება დაუდასტურეს და ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ისინი არ წაშლილა, დაგვიანებით გაიგო. Facebook-ი ასევე ამტკიცებდა, რომ ადგილი არ ჰქონია მონაცემების უსაფრთხოების დარღვევას (data breach), პაროლებისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის მოპარვას, ან ჰაკერების მიერ მოპოვებას, რამდენადაც მომხმარებლებმა საკუთარი ნებით ჩამოტვირთეს კოგანის აპლიკაცია და ამით მისცეს წვდომა პირად ინფორმაციაზე. 


თუმცა, მოგვიანებით მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა. მისი თქმით, ფეისბუქი პასუხისმგებელია მომხმარებლის მონაცემების დაცვაზე და თუ ამას ვერ შეძლებს, მათ სამსახურში ყოფნას არ იმსახურებს. სოციალური მედიის გიგანტის დამფუძნებელი კვლავ ამბობს, რომ მონაცემების „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში ჩავარდნის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რაც შესაძლოა მის მომხმარებლებს მიადგათ.


როგორია გამოხმაურება?

ინციდენტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ და მომხმარებელმა Facebook-ის მიმართ დასვა არაერთი კითხვა: ვის ხელში ხვდება აპლიკაციების საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, რა მიზნით გამოიყენება ან ვინ არის პასუხიმგებელი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე? დიდ ბრიტანეთში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გამოიყენა თუ არა Facebook-მა ყველა საშუალება მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დასაცავად, დაცული იყო თუ არა მის პლატფორმაზე მონაცემების უსაფრთხოება, რა მოიმოქმედა კომპანიამ მას შემდეგ, რაც მონაცემების არაავტორიზებული გადაცემის შესახებ შეიტყო და აცნობა თუ არა მომხმარებლებს მათი მონაცემების მესამე მხარისათვის გადაცემის შესახებ.


მარკ ცუკერბერგს წერილით მიმართა თემთა პალატამ და შესაბამისი კომიტეტის კითხვებზე საპასუხოდ დაიბარა. იგეგმება Cambridge Analytica-ს ლონდონის ოფისის შემოწმებაც. მედიის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამაც. სენატის ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ წერილით მიმართა მარკ ცუკერბერგს და ინციდენტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა. ფეისბუქს უნდობლობას უცხადებს მომხმარებლების ნაწილიც. ჰეშთეგი #deletefacebook ინტერნეტში ბოლო 2 დღეში ათიათასობით ადამიანმა გამოიყენა. 


რატომ ეხება ეს ამბავი თითოეულ ჩვენგანს?

თითოეული ჩვენგანი უამრავი აპლიკაციით, თუ ტესტით სარგებლობს, რომლებიც გვთავაზობენ გავიგოთ რა გველის მომავალში, როგორი ვიქნებით 60 წლის ასაკში და სხვა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გართობა, როგორც ამ შემთხვევითაც დასტურდება, შესაძლოა, იმაზე საზიანო იყოს ვიდრე წარმოგვიდგენია. ფეისბუქის სკანდალი ცხადს ხდის, თუ რა რთულია ვაკონტროლოთ, ვინ და რაში იყენებს ჩვენ მიერ ამა თუ იმ მომსახურების სანაცვლოდ გაცემულ მონაცემებს. 


როგორ ვიზრუნოთ საკუთარი მონაცემების დაცვაზე ფეისბუქის აპლიკაციების გამოყენებისას?

იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი პერსონალური მონაცემებით მანიპულირების შესაძლებლობა, საჭიროა ამაზე თავადაც ვიზრუნოთ. ყურადღება მივაქციოთ, რა ინფორმაციას გავცემთ ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენებისას და შემდეგ ვის ვაძლევთ ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. მნიშვნელოვანია: აპლიკაციის გამოყენებამდე კარგად გაეცნოთ მის კონფიდენცილურობის პოლიტიკას (privacy policy); დააკვირდეთ, რა მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევთ აპლიკაციას და დაფიქრდეთ, სჭირდება კი მას ის მონაცემები რასაც ითხოვს? საეჭვო გარემოებების შემთხვევაში უარი თქვით აპლიკაციის გამოყენებაზე; განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აპლიკაციებს, რომლებიც საკუთარის გარდა თქვენი მეგობრების მონაცემებსაც ითხოვს; ყურადღება გაამახვილეთ, ხომ არ თანხმდებით თქვენი ან თქვენი მეგობრების მონაცემების მესამე პირებისთვის/კომპანიებისთვის გადაცემაზე. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ, ფეისბუქიდან წაშალოთ ის აპლიკაციები, რომელთა არსებობა, შესაძლოა, საერთოდ არ გახსოვდეთ და ამ დრომდე აგროვებდეს თქვენს მონაცემებს. ამისთვის პარამეტრებიდან (settings) უნდა გადახვიდეთ აპლიკაციებში და წაშალოთ ის აპლიკაციები, რომლებიც საეჭვოდ გეჩვენებათ;


როგორია ფეისბუქის მომავალი?

კომპანიას უკვე მიადგა მნიშვნელოვანი რეპუტაციული და ფინანსური ზიანი. ანალიტიკოსების ნაწილის პროგნოზით, შეძლებს თუ არა ფეისბუქი კრიზისიდან გამოსვლას, გამოძიების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული. თავად Facebook მომხმარებლის ნდობის აღსადგენად სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს: აპირებს გამოიკვლიოს ყველა ის აპლიკაცია, რომელსაც განსაკუთრებით დიდ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა 2015 წლამდე, სანამ პლატფორმის წესები შეიცვლებოდა, დარღვევის აღმოჩენის შესახებ კი აცნობოს მომხმარებელს. გეგმავს შეუზღუდოს წვდომა იმ დეველოპერებს, რომელთა აპლიკაციებიც მომხმარებელს სამ თვეზე მეტია არ გამოუყენებია. 


გარდა ამისა, ფეისბუქი აპირებს შეამციროს ხელმისაწვდომ მონაცემთა წრე და აპლიკაციებს წვდომის უფლება მისცეს მხოლოდ სახელზე, პროფილის ფოტოსა და ელექტრონულ ფოსტაზე. სხვა პირად ინფორმაციაზე წვდომისთვის თანხმობა საკმარისი აღარ იქნება - აპლიკაციებს კონტრაქტის გაფორმება დასჭირდებათ. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ნიუსფიდს დაემატება ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს აპლიკაციების მართვაში დაეხმარება. 


„მე წამოვიწყე ფეისბუქი და სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩვენს პლატფორმაზე მოხდება,“ - აცხადებს მარკ ცუკერბერგი და მომხმარებელს საკუთარ შეცდომებზე სწავლას ჰპირდება.