2018-04-07 12:04 ნანახია: 221-ჯერ

Apple ამერიკის ბიუჯეტში დამატებით 38 მილიარდს გადაიხდის და 20 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

ტექნოლოგიური კომპანია Apple ამერიკის ეკონომიკისთვის დიდ იმედებს იძლევა. 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, Apple გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული თანხის ამერიკაში ინვესტირებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. უფრო კონკრეტულად, კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადის სახით 38 მილიარდ დოლარს შეიტანს, 30 მილიარდის ინვესტირებას მოახდენს და დამატებით 20 ათას სამუშაო ადგილს შექმნის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

38 მილიარდი დოლარის გადასახადის სახით გადახდისას, საუბარია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლების დაბეგვრაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე.

როგორც ცნობილია, ამერიკის ახალი საგადასახადო რეგულაციების თანახმად, ამერიკული კომპანიები ვალდებული არიან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავლებზე დამატებითი გადასახადები ამერიკაშიც გადაიხადონ. შესაბამისად, იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც გლობალურ ოპერაციებს ახორციელებენ, მოუწევთ ასობით მილიარდი დოლარის დამატებით გადახდა.

ახალი რეგულაციების გამო Apple გეგმავს მისი თანამშრომლებისათვის ხელფასებზე ბონუსის სახით თანხის დამატებას. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 123 ათას სამუშაო ადგილს ფლობს და აქედან 84 ათასი ამერიკაშია.

რაც შეეხება ინვესტიციებს, რომელსაც კომპანია მომავალი წლების განმავლობაში 30 მილიარდის ფარგლებში გეგმავს, კომპანია ახალი კამპუსისა და მონაცემთა ახალი ცენტრის მშენებლობისთვის დახარჯავს.

Apple-ში აცხადებენ, რომ ამ ინვესტიციისა და სხვა ყოველწლიური გადასახადების მეშვეობით, კომპანია ამერიკის ეკონომიკაში 350 მილიარდ

 დოლარს შეიტანს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

კოკა კვირკველია
Bpn.ge






საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...