დედა სიდონია: “საპატრიარქოს ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი?“

2018-05-25 14:53 ნანახია: 545-ჯერ

დედა სიდონია: “საპატრიარქოს ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი?“

 „რუსთავი2"-ის ჟურნალისტის მიერ გადაცემა „არჩევანში" გაკეთებულ რეპლიკას, დედა სიდონია სოციალური ქსელით ეხმაურება. 

დედა სიდონია, წერს, რომ ჟურნალისტის რეპლიკა მისთვისაც არასასიამოვნო იყო, თუმცა მრევლისა და საპატრიარქოს მიერ საპასუხო საქციელიც არ არის მოსაწონი.

„არც ჩემთვისაა სასიამოვნოდ მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე. მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა. გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა.

„რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან. როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში! მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი - ამ ფორმით. რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?"- წერს დედა სიდონია.

დედა სიდონია მეუფე იობის მიერ გაბუნიას დაწყევლის ფაქტსაც გამოეხმაურა. დედაო წერს, რომ სასულიერო პირმა მღვდელმთავრის ღირსება პირადი რისხვის გამოსავლენად გამოიყენა.

რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ, სამაუწყებლო კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას დედა სიდონია წერს: „ისე, თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით? სიყვარულით, დედა სიდონია".



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...