2018-05-30 08:00 ნანახია: 179-ჯერ

პარლამენტარ შალელაშვილის შვილი მსოფლიო მასშტაბის აფერაში მონაწილეობდა

მსოფლიო თაღლითობა ქართველი პოლიტიკოსის,  შოთა შალელაშვილის შვილის მონაწილეობით

როგორც ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა კურიერის სიუჟეტშია ნათქვამი, ქართული ოცნების დეპუტატი შოთა შალელაშვილი ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა, ფაქტია, რომ მისი შვილი გარი შელონი ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ინტერნეტ ძარცვის მთავარი მონაწილეა.

“კურიერის” სიუჟეტის მიხედვით, JPMorgan Chase–სა და სხვა სერვერებიდან მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი და ამერიკის ციხეში გატარებული 2 წელი აღიარებული და დადასტურებული ფაქტებია, მაგრამ ამერიკაში შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი ცნობილი ქართული ბანკისკენ მოდის. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობით და ქართული ოცნების სიით პოლიტიკაში მოსული დეპუტატი სწორედ მმართველი პარტიის ლიდერთან “ქართუ ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებას. ოპოზიციის აზრით, ამ მოლაპარაკების მიზანი შესაძლოა შვილის მიერ მოპარული მილიონების გათეთრება ყოფილიყო.

გარი შელონი იგივე გაბრიელ შალელაშვილი ოცნების მსოფლიომ ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმის გამო გაიცნო, რომელიც უკავშირდება უმსხვილესი ამერიკული ბანკის სერვერებიდან 3 მილიონი დოლარის მიტაცებას. გარი შელონისა და მისი მეგობრების ჰაკერული სქემის მსხვერპლი კიდევ ორი უმსხვილესი კომპანია გახდა. გატეხილი იყო 100 მილიონამდე აბონენტის პირადი ანგარიშები და 7 მილიონი ბიზნესის სერვერი. დაზარალებულთა დიდი ნაწილი კერძო პირია.

“კურიერის” სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ FBI–ს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ ძარცვის საქმის გამო გაბრიელ შალელაშვილი, რომელიც 2 მილიარდიანი ქონების მფლობელია, 2015 წელს დააკავეს. მან და მისმა თანამშრომლებმა დანაშაული აღიარეს და ციხეში 2 წლიანი სასჯელი მოიხადეს. მანჰეტენის ფედერალური სასამართლო გარი შელონს და მის თანამძრახველებს, ჰაკერობაში ფულის გათეთრებისთვის, აზარტული ონლაინ კაზინოებისა და ბიტკოინების გამოყენებაში ადანაშაულებდა. შაველაშვილი თითქმის ნახევარი მილიარდის უკან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს. მას სპეციალური სამაჯური აქვს შებმული და 24 საათიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქართველოს მოქმედ დეპუტატს მის საქმიანობაზე კომენტარის გაკეთება არ სურს, შოთა შალელაშვილი ამ თემაზე განცხადებას უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამტკიცებს, რომ უმსხვილესი ბანკებიდან ფულის მითვისების სქემაში “ქართული ოცნების” წევრი შოთა შალელაშვილიც იყო ჩართული, რომელიც ამ ფულს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ათეთრებდა.

,,შალელაშვილები არიან აფერისტების ოჯახი იმიტომ, რომ მისი შვილი გაასამართლეს და დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვის გამო რაშიც მონაწილეობდნენ რუსული სპეც–სამსახურებიც. მოპარულია 2 მილიარდი დოლარი, რაც ამერიკელებმა აღმოაჩინეს. ამის  შემდეგ შალელაშვილი ჩამოყავთ საქართველოში და ნიშნავენ დეპუტატად რა დამსახურებისთვის კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ეს კაცი ათეთრებს მოპარულ ფულს თანაინვესტორების ფონდის დახმარებით და სხვადასხვა სრულიად გაუმჭვირვალე პროექტების მეშვეობით.’’ –  აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს შოთა შალელაშვილთან მჭიდრო კავშირი წლების განმავლობაში აქვს.  სააგენტო  ,,ბლუმბერგის’’  მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილს შალელაშვილთან ,,ქართუ ბანკის’’ მიყიდვასთან დაკავშირებით 2014 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა. ამ ინფორმაციას ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელი ნოდარ  ჯავახიშვილიც ადასტურებს, რომელიც გარიგების სავარაუდო თანხად  270 მილიონს დოლარს ასახელებს.  თუმცა,  მაშინ ეს შეთანხმება არ შედგა. ჯავახიშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ბანკის გაყიდვა გადაიფიქრა და ამის ნაცვლად, გადაწყვიტა, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის გაფართოებაზე მოახდინოს კონცეტრირება.

მართალია,  ბიძინა ივანიშვილმა ბანკი შალელაშვილს არ მიჰყიდა, თუმცა, მოლაპარაკებებიდან 2 წლის შემდეგ, ბიზნესმენი  ქართული ოცნების საპარლამენტო  სიაში  აღმოჩნდა, რის შედეგადაც  პარლამენტის მანდატი და შესაბამისად, ხელშეუხებლობის იმუნიტეტიც მიიღო.

,,ნაციონალური მოძრაობა’’  დარწმუნებულია, რომ ჰაკერულ სკანდალამდე რამდენიმე თვით ადრე შალელაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაწყებული მოლაპარაკებები,  ,,ქართუ ბანკის’’ შესყიდვასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა და არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ბანკის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო თანხის გათეთრება.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრის,  ლევან ბეჟაშვილის განცხადებით ბიძინა  ივანიშვილის მეშვეობით მოხდა ქართველი ბიზნესმენი პარლამენტში.

,,მან მიიღო მანდატი, რათა გარკვეული უსაფრთხოების გარანტიებიც ჰქონოდა. სწორედ ამ ბიზნესსურთიერთობებისა  და  თანაინვესტირების მეშვეობით,  მათ მოახერხეს თბილისის ცენტრის დასაკუთრება. ასევე  საუბარია ანაკლიის პორტის ფინანსურ ინტერესებზე,  ჰესების მშენებლობასა და ბლოკჩეინ კომპანიებზეც. რომლებიც შექმნილია საქართველოში და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობდნენ.’’ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრის შეხედულებით,  იმის დასადგენად,  არსებობს თუ არა მსოფლიოში უპრეცედენტო ინტერნეტქურდობის საქმეში  ქართული კვალი,   ქართული და ამერიკული სპეცსამსახურები  აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.

შოთა შალელაშვილის საქმიანობაზე არ საუბრობს თანაგუნდელები, თუმცა,  ბიზნესმენის კავშირსს  ინტერნეტქურდობის საქმესთან დაკავშირებით კატეგორიულად გამორიცხავენ.

მოამზადა ცოტნე მაისურაძემ



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...