2018-08-21 14:56 ნანახია: 229-ჯერ

თაღლითობა და კიბერდანაშაული – სამართალდამცველებმა „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.