2018-08-21 12:33 ნანახია: 403-ჯერ

უკრაინის არმიის მორიგი წარმატებული შეტევა და კილომეტრობით გათავისუფლებული ტერიტორია

აღმოსავლეთ უკრაინაში - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის არმიამ მოულოდნელი შეტევით სეპარატისტები რამდენიმე კილომეტრით უკან დახია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი დიმიტრო ტიმჩუკი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე "რეზონანსი" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ რეფორმების გატარების პროცესია და, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის არმია არამარტო თავდაცვით ოპერაციებს ატარებს, არამედ შეტევითი ოპერაციების ჩატარებასაც ცდილობს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა, მაგრამ ჯერ კიდევ რეფორმების გატარების დონეზეა. უკრაინამ დონბასში თავის დროზე მძიმე დამარცხება იწვნია, მაგრამ მათ შეძლეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად საბრძოლო შენაერთების შეკრება.

"უკრაინელებმა, ასევე, შეძლეს, გასამხედროებული ნაწილები, მე-5 სექტორი თუ სხვა, ფაქტობრივად, ბრძოლის ბირთვიდან აელაგმათ. ანტიტერორისტული ოპერაცია გადაიქცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოპერაციად.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რომ შევადაროთ, ისინი არ არიან მხოლოდ თავდაცვით რეჟიმში, ისინი შემტევი ტიპის საბრძოლო ოპერაციებსაც ატარებენ და, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შედეგსაც აღწევენ.

"რამდენიმე კილომეტრში დომბასის ტერტორიაზე სეპარატისტების უკან დახევა არ არის დიდი წარმატება, მაგრამ გარკვეულწილად იგი აჩვენებს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვთ და, ასევე, მათ გაუჩნდათ შესაძლებლობებიც", - აღნიშნა მან.

მაისაიას განცხადებით, უკრაინის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი რთული იქნება, მაგრამ შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი შეტევაც განახორციელონ.

"უახლოეს მომავალში უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს, ამ ეტაპზე ამის თქმა ცოტა რთულია. მინსკის შეთანხმებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკრაინის ინტერესების დაცვის საკითხი რუსულმა მხარემ დაარღვია. შესაბამისად, უკრაინის მთავრობა შეეცდება, უფრო ფართომასშტაბიანი შეტევები დაიწყოს ამ მიმართულებით", - აცხადებს ის.

მისი თქმით, საქართველოს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება უკრაინის მდგომარეობისაგან, რადგან საქართველოს ამ ათი წლის განმავლობაში ომის შედეგებიც კი არ გაუანალიზებია.

"სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა აბსოლუტურად სხვაგვარია. ჩვენი შეიარაღებული ძალები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები. ისინი თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ და გარკვეული დასკვნები გამოაქვთ. გავიდა უკვე ათი წელი და ჩვენ ომის შედეგებიც კი არ შეგვისწავლია.

"დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანა, რომ დაიბრუნებს ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებს, სამწუხაროდ, გამორიცხულია. კარგია, რომ ჩვენ ამერიკელებთან ვართ საბრძოლო თანხვედრაში, მაგრამ თუკი კანონში არ შევცვალეთ ჩვენი სამხედრო მიდგომა და სტრატეგია, სამხედრო-პოლიტიკურ დონეზე თუკი სამხედრო დოქტრინის საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი არ შევქმენით, არაფერი გამოგვივა. საკუთარ თავს თავად თუ არ დავეხმარეთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამაში ვერ დაგვეხმარებიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.