2018-08-21 14:45 ნანახია: 266-ჯერ

“გაეთრიეთ, ჩვენ არ ვიქნებით თქვენი მონები” – თურქეთი “ეკონომიკური გადატრიალების” ზღვარზეა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აშშ თურქეთის “ეკონომიკური გადატრიალების” მცდელობაში დაადანაშაულა. ამის თქმის საფუძველს ერდოღანს აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი, გაზრდილი ტარიფები აძლევს. ახალი ტარიფების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თურქებს დაპატიმრებული ჰყავთ ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბარსონი. ვაშინგტონი მის გათავისუფლებას ითხოვს, ანკარა კი მას არ ათავისუფლებს, რადგან მას სახელმწიფოს გატარიალბის მცდელობაში ადანაშაულებს. თურქები თავის მხრივ, ვაშინგტონისგან ფეთჰულა გიულენის გადმოცემას ითხოვს, რადგან ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს მას.

ბოლო პერიოდში, ხშირად იწერება თურქეთში ნატოს სამხედრო ბაზის “ინჯირლიკის” დახურვასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში კამპანიაც კი მიმდინარეობს – #დაიხუროსინჯილიკი. მოქალაქეები მის ადგილას პარკის აშენებას ითხოვენ. ეს სამხედრო-საჰაერო ბაზა ქვეყნის სამხრეთით მდებაორებს.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ადგილობრივ მოსახლეობას ამერიკული სანქციების არ ეშინია და უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები და ლოზუნგები ამერიკელების წინააღმდეგ – “გაეთრიეთ”, “ჩვენ არ ვიქნებით თქვენი მონები”. არ ეშინიათ იმასაც, რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.

ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვანაირად გამოხატავს თავის პროტესტს. მაგალითად, ერთ-ერთმა მზარეულმა გადაიღო ვიდეო, სადაც პატარა ნაწილებად ჭრის დოლარს. ზოგიერთები მას პროტესტის ნიშნად ცხვირსახოცად იყენებს. ასევე, ვინც დოლარს ლირაში გადაცვლის პატარ-პატარა საჩუქრებს მიიღებს, მაგალითად სილამაზის სალონებსა და სასტუმროებში დამატებითი მომსახურება, ხოლო 10 000 დოლარის და მეტის ლირაში გადაცვლის შემთხვევაში საქორწინო კაბებსაც კი ჩუქნიან მოქალაქეებს. iPhone-ებს დემონსტრაციულად ამტვრევენ და საერთოდაც, ამერიკულ ტექნიკას ადგილობრივი მაღაზიები ბოიკოტს უცხადებენ. მოქალაქეები Apple-ის მაგივრად Samsung-ს ყიდულობენ. ზოგიერთი მოქალაქე კი დემონსტრაციულად ასხამს კოკა-კოლას უნიტაზებში, რომლის შემდგომაც ამბობენ: “უნიტაზი უფრო სუფთა გახდა”.

მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ოპტიმიზმისა, რომ ისინი ძლიერები არიან, გაუმკლავდებიან ამერიკულ სანქციებს, რომ ეს მათი სამოქალაქო მოვალეობაა, თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. უფასურდება თურქული ლირა, ძვირდება საწვავის ფასი და მატულობს უმუშევრობის დონე.

ერდოღანი ამტკიცებს, რომ თურქეთი არ აპირებს დანებებას. ისინი არ დანებდებიან მათ, ვინც თურქებს “სტრატეგიულ პარტნიორს” უწოდებდა და დღეს მათთვის თურქეთი “სტრატეგიული სამიზნეა”. საბოლოო ჯამში კი ანკარა შეიძლება მოსკოვის იარაღად იქცეს.

ბაჩანა ჯინჭარაძე