2018-08-22 10:04 ნანახია: 321-ჯერ

სოხუმში იმედი აქვთ, რომ სირიის შემდეგ აფხაზეთს “რესპუბლიკად“ ჩრდილოეთი კორეაც აღიარებს

ჩრდილოეთ კორეაში სოხუმიდან ე.წ. სავაჭრო პალატის დელეგაცია იყო ჩასული და ამ "ისტორიული გარღვევისა" და "წარმატებული ვიზიტის" შესახებ სოხუმში პრესკონფერენციაც მოეწყო, სადაც დე ფაქტო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფხენიანი აფხაზეთს "სრულფასოვან, დამოუკიდებელ რესპუბლიკად" განიხილავს, გაფორმდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაც და იმედიც მისცეს, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაც" შეიძლება გამოიწვიოს.

კონფლიქტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუკი რუსეთს პროვოკაციისთვის დასჭირდება, გამორიცხული არ არის, სირიის შემდეგ ფხენიანმაც "აღიაროს" აფხაზეთი და ოფიციალურ თბილისს ამის შესაჩერებლად ბერკეტიც არ გააჩნია, რადგან ჩრდილოეთი კორეა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ცნობს და ამავე დროს დავალებულია რუსეთისგან.

უფრო მეტიც, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთი "აღიარების" მისაღებად აქტიურად მუშაობს ირანთან და სომალისთან.

"მე ვიცი, ირანის საგარეო უწყებასთან მოსკოვს კულუარულად ჰქონდა ურთიერთობა, რომ "აღიარება" ყოფილიყო და ეს პროცესი ჯერ არ გაჩერებულა. ჩრდილოეთ კორეასთან კი მოსკოვს წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს და გვინდა თუ არა, ეს აღიარება ალბათ მომავალში მოხდება", - ამბობს არეშიძე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარებული აქვს 5 ქვეყანას: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას. მათ რიგებში იყვნენ ვანუატუც და ტუვალუც, თუმცა მათ აღიარება უკან წაიღეს.

სირიამ ოკუპირებული ტერიტორიები 29 მაისს აღიარა და ამის შემდეგ სოხუმსა და ცხინვალში უფრო აქტიურად დაიწყო განცხადებები, რომ "აღიარების პოლიტიკა ისევ აქტიურად გაგრძელდება", ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საჯაროდ, კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან არის ურთიერთობა, არ გაცხადდება, რადგან თბილისი შეეცდება, შეთანხმება ჩაშალოს დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, როგორც ეს ადრე არაერთხელ გაუკეთებია სამხრეთამერიკულ ქვეყნებთან.

არის თუ არა მოლაპარაკება ფხენიანთან მორიგი "აღიარების" მისაღებად, ამაზე სოხუმში ხმამაღლა, რა თქმა უნდა, არ საუბრობენ, თუმცა 2 დღის წინ სოხუმში პრესკონფერენცია მოაწყო დე ფაქტო აფხაზეთის სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამილა მირცხულავამ და ჩრდილოეთ კორეაში "ისტორიული" და წარმატებული ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, მიზანი "აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, პრეზენტაცია იყო", რომლის შესახებაც ჩრდილოეთ კორეაში ცოტა რამ არის ცნობილი და ასევე მიზანი იყო ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის დამყარება.

მირცხულავას განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატამ 2017 წლის დეკემბერში პირველად თავად გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, ამ კონტაქტის დასამყარებლად სოხუმში ოფიციალური წერილიც გამოგზავნა და უკვე 6 თვეა, რაც ეს ვიზიტი მზადდებოდა. მისი თქმით, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას 14 აგვისტოს მოეწერა ხელი.

"ჩვენთვის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან სერიოზული გარღვევაა! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენ მოგვმართეს, როგორც სრულფასოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და გვესაუბრნენ აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარების შესახებ", - განაცხადა მირცხულავამ.

როგორც იგი ამბობს, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან ღვინის ექსპორტის საკითხი. ასევე, ჩრდილოეთ კორეიდან სოხუმში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობაზე სამუშაო ძალის ჩამოყვანა,  წლის ბოლოსთვის კი დაგეგმილია სოხუმში ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ვიზიტიც.

"აფხაზეთის დელეგაციასთან საუბრისას ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზნესი უნდა იყოს აპოლიტიკური. თუმცა მან ამავე დროს არ გამორიცხა, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ მომავალში გამოიწვიოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის აღიარება", - აღნიშნავს მირცხულავა.

არეშიძის თქმით, ჩრდილოეთ კორეას აფხაზეთის აღიარება არაფერში სჭირდება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს მოსკოვის წნეხის შედეგად - "როგორც ჩანს, რაღაცაში გაიცვლება". ხოლო რაც შეეხება სოხუმში იმედს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა განვითარდება, სასაცილოა.

"ჩრდილოეთი კორეა უღარიბესი ქვეყანაა და სხვასთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება კი არა, თავისი თავისთვის ვერ მოუვლიათ. კერძო ბიზნესი კი - ასეთი ცნება ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს", - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, თუკი ფხენიანმა აფხაზეთი აღიარა, ამის ხელშესაშლელად თბილისს ბერკეტი არ გააჩნია, რადგან რუსეთს ფხენიანზე დიდი გავლენა აქვს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიდგომა შეცვალა, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აღიარების უკან წაღება შეუძლიათ, როგორიც იყო, მაგალითად, ტუვალუ და ზოგიერთი გაუხმაურებელი სხვაც, რომლებზეც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ დასავლურ ძლიერ ქვეყნებს, აღარ სთხოვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.

"აქედან გამომდინარე, მოსკოვი ცდილობს, ისეთ ქვეყნებზე იმოქმედოს, რომელზეც კრემლს აქვს გავლენა და არა - დასავლეთს. ასეთი ქვეყანაა სწორედ ჩრდილოეთ კორეა, ასევე, სამწუხაროდ, ირანიც. მე ვიცი, რომ ირანის საგარეო უწყებასთან მოსკოვს კულუარულად ჰქონდა ურთიერთობა, რომ "აღიარება" ყოფილიყო და ეს პროცესი ჯერ არ გაჩერებულა.

"ჩრდილოეთ კორეასთან კი მოსკოვს წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს და გვინდა თუ არა, ეს აღიარება ალბათ მომავალში მოხდება. ამის შესაჩერებლად ოფიციალური თბილისი ჩრდილოეთ კორეასთან ბევრს ვერაფერს იზამს. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, ეს არის ჩინეთის ხელისუფლება", - ამბობს არეშიძე.

არეშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან აქტიური მუშაობა მიდის სომალისთანაც.

"მედალს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, კი, ჩრდილოეთი კორეა არის გაერო-ს წევრი სახელმწიფო, მაგრამ ის მარგინალური სახელმწიფოა თავისი რეჟიმიანად და აქედან გამომდინარე, აფხაზეთისთვის რაიმე ხიბლის მომტანი არ უნდა იყოს ფხენიანის აღიარება.

"თუმცა აფხაზი პოლიტიკოსები საკითხს სხვანაირად აყენებენ, მთავარია, აღიარება იყოს გაერო-ს წევრი ქვეყნის მხრიდან და რა ქვეყანა იქნება, ეს სულ ერთია. ამიტომაცაა, რომ მუშაობა მიდის სომალისთან, რომელიც არ შედის პოლიტიკურად სტაბილური ქვეყნების რიგში", - დასძენს არეშიძე.