2018-09-05 16:02 ნანახია: 104-ჯერ

,,სარზე ავაგოთ, ქუსლები დავაჭრათ, ცეცხლში ამოვწვათ- სიძულვილი წარმოშობს უფრო მეტ სიძულვილს”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ქრისტე და ცოდვილნი - "სარზე ავაგოთ", "ქუსლები დავაჭრათ", "ცეცხლში ამოვწვათ", "თავი გავუხეთქოთ" და ამგვარების გამო

ადამიანის სიძულვილი წარმოშობს უფრო მეტ სიძულვილს, ხოლო სიყვარული კურნავს და შველის.

ასე მიიყვანა სრულყოფილებამდე (აღასრულა) ქრისტემ იუდეველთა რჯული. ის ამბობს: თქვენ გქონდათ ძველ აღთქმაში მცნება: "არა კაც ჰკლა", მე კი გეუბნებით: ვინც ეტყვის თავის ძმას: რეგვენო, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ღირსია ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. ადამიანის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვასაც კი კრძალავს ქრისტე მისი მიმდევრებისთვის, არათუ სიძულვილს, ცემას, დაწვას და მოკვლას. ეს იმ ქრისტიანების გასაგონად დედას რომ იგინებიან სარწმუნოების და ზნეობის დასაცავად და ადამიანს ეუბნებიან: "სარზე უნდა აგაგოს კაცმა", "ქუსლები გაქვს დასაჭრელი", "თავს გაგიხეთქავ", "ენას ამოგაჭრი" და ა.შ.

ყველა არ იყო რჯულის წმინდად დამცველი ქრისტეს დროსაც ისრაელში; აფერისტებიც იყვნენ, მკვლელებიც, მრუშებიც, გარყვნილებიც, მექრთამეებიც და სხვა მრავალგვარად დაცემულნიც. როგორ ექცეოდა მათ ქრისტე? ვნახოთ და მივბაძოთ. ცოდვილ მებაჟე მათესთან როცა შევიდა სახლში, მრავალი სხვა მებაჟეც და ცოდვილიც შემოუსხდა იესოსთან ერთად სუფრას. არ იუკადრისა მათთან დაჯდომა. სიყვარულით აჩვენა, რომ ისინიც ღვთის დაკარგული შვილები არიან, რომ ისინიც ძვირფასნი არიან უფლისთვის. იჯდა მათთან, ესაუბრებოდა და ასწავლიდა ტკბილი ენით. ამით გაალღო და მოიგო ღვთის სასუფეველისათვის ბევრი ცოდვილის გული. თვით მდიდარი მებაჟე მათე, მისი მასპინძელი, შეძრული ასეთი კაცმოყვარებით, ადგა და უთხრა: - აჰა, უფალო, მთელი ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და თუ ვინმეს მეტი წავართვი საბაჟოზე, ოთხმაგად დავუბრუნებ უკან. გაიხარა იესომ და თქვა: - დღეს სიცოცხლე შემოვიდა ამ სახლში, რადგან ესეც ღვთის შვილი აღმოჩნდა. (წაიკითხეთ მათეს სახარების მე-9 თავი)

ფარისეველნი კი ბრაზობდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რა უნდა ამ გარყვნილ ხალხთან, რატომ ჭამს მათთან პურს, განა ეს ეკადრება იუდეველ რაბის?

ქრისტემ გაიგო და უთხრა: - კარგად მყოფებს კი არ სჭირდებათ ექიმი, არამედ სნეულებს. თქვენ კი წადით და იფიქრეთ რას ნიშნავს უფლის სიტყვები: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი.

როცა შენ ლანძღავ და აგინებ ადამიანს, როცა გინდა სარზე ააგო, ცეცხლში დაწვა, თავი გაუხეთქო, ჩაქოლო და ამგვარები, იცოდე, რომ შენ გინდა მსხვერპლი და არ გავხარ ქრისტეს.

ქრისტეს კი, არ სურს მსხვერპლი, წყალობა და შველა სურს კაცთმოყვარე უფალს ყველა ადამიანისთვის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

P.S. გაავრცელეთ სახარების ჭეშმარიტი სწავლების გასამრავლებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, დამახინჯებული ქრისტიანობის პირობებში." - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.