2018-09-06 10:33 ნანახია: 112-ჯერ

Forbes-მა თბილისი წლის ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დაასახელა

დღეს თბილისელებისთვის კარგი ამბავი გვაქვს, რადგან Forbes-მა თბილისი წლის ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დაასახელა.

დიახ, "პატარა სახელმწიფო კავკასიაში, სადაც ძალიან ცოტა, 4 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ახერხებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო და თავისი დასავლური ღირებულებებითა და მისწრაფებებით, განვითარებული სამყაროს ღირსეული წევრი გახდეს", - წერია სტატიაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც გაეროსა და ევროსაბჭოს გაერთიანებების წევრი სახელმწიფოა, ღვინის დაყენების 8-ათასწლიანი გამოცდილების პარალელურად, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების კუთხითაც კი უკვე ლიდერის პოზიციას იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ - "შტატი თუ სახელმწიფო?", Forbes-ს არაჩვეულებრივი არგუმენტები მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო თვითმყოფადი, გამორჩეული და საინტერესო ქვეყანაა. სტატიაში განსაკუთრებული აქცენტი კი ჩვენს დედაქალაქზე, თბილისზე კეთდება.

"ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისი თავისი თანამედროვე სასტუმროებით, ბოჰემური ცხოვრების სტილითა და განსაკუთრებული კაფე-ბარებით, ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალაქია, რომელსაც წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ", - წერს ცნობილი გამოცემა.