2018-11-09 16:01 ნანახია: 136-ჯერ

“ასლან აბაშიძის მარბიელი რაზმის ყოფილ წევრებს ამზადებენ“ - ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

კრიმინალური ავტორიტეტების, სპორტსმენების და ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეორე ტურის მოსაგებად „ქართულმა ოცნებამ" თბილისის და რეგიონების მასშტაბით ყველა სფეროს წარმომადგენელი ადამიანების მობილიზება დაიწყო. მათი ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

ასევე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს რეგიონებში კონკრეტულ სოფლებს აბარებენ, რომელთაც მოსახლეობის დაშინება აქვთ დავალებული. ხოლო ციხეში მყოფ პატიმრების ოჯახებს „ოცნების" სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებიან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება და ამისთვის მმართველი გუნდი საკუთარი კოორდინატორების დატრენინგებას იწყებს. ამიტომ ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს. მათი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე „რეზონანსთან" საუბარში ხელისუფლებას ამომრჩეველზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბათუმში და აჭარაში მმართველი გუნდი აპირებს, რომ არჩევნებში ასლან აბაშიძის დროინდელი კადრები გამოიყენოს. მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნების გაყალბებასა და ე.წ. კარუსელების დატრიალებაში პროფესიონალები არიან.

დუმბაძე აცხადებს, რომ „ოცნება" მთელ სახელმწიფო აპარატის გამოყენებას აპირებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი აქტიურად ხვდება გამგებლებს, საკრებულოს წევრებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელობას. დუმბაძე ამბობს, რომ „ოცნებას" ამ ყველაფერში ხელს ადგილობრივი პოლიცია უწყობს და მოსახლეობის მასობრივ დაშინებას ახორციელებენ.

„25-30 ათასი ადამიანია ჩართული ოფიციალურად იმისთვის, რომ შიგნით პროცედურა გაკონტროლდეს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ პარალელურად ამზადებენ ადამიანებს, რომლებიც ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს მარბიელ რაზმებს წარმოადგენდნენ და მოსახლეობის დაშინებით იყვნენ დაკავებულები. შექმნილია მოჭიდავეთა ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პროცედურას მაქსიმალურ კონტროლს გაუწევენ. აპირებენ, როგორც წინა ტურის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ქალბატონების მობილიზებას, რომლებიც ხალხის მოყვანით და აღრიცხვით იქნებიან დაკავებულები.

ისინი საარჩევნო უბანთან მისულ ადამაინებზე იმუშავებენ, რათა დაარწმუნონ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემოხაზონ. ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. კონკრეტულად ვიცით ვინ სად და რას გეგმავს. ჩვენ სიტუაციას, როგორც შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე გავაკონტროლებთ. ამიტომაც ხმების მოპარვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", - აცხადებს დუმბაძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, აჭარაში პატიმრების ოჯახებთან ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს გზავნის, რომლებიც ზურაბიშვილის შემოხაზვის სანაცვლოდ, მათი პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებიან. დუმბაძე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლებს თავად ქურდული სამყაროს წევრები აწვდიან. მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები მათი ნათესავებიც არიან და ხელისუფლების განზრახვის შესახებ ყველაფერს უყვებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. მისი თქმით, „ოცნების" წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ვაშაძის თქმით, გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის თავიდან ასარიდებლად გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას კონტრმექანიზმებს დაუპირისპირებს.

„ეს მათ არ უშველით, სრულად კონტრმექანიზმებზე ვმსჯელობთ და ამას ყოველთვის ვუპირისპირებთ ახლებურ მიდგომებს იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში "ოცნებამ" ძალოვნების სრული მობილიზაცია მოახდინა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, მათ შორის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების გამოყენებით. ქარდავა იმედოვნებს, რომ ზეწოლის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური ამომრჩეველი აქტიური იქნება.

„ლამის კვირაში სამჯერ ჩადის შს მინისტრი და თავის მოადგილე დატოვებული ჰყავს მუდმივად იქ და რას აკეთებს, შსს ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძიოს. ვერ უშველის ამ ადამიანებს ეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მერე ჩვენ გვიკავშირდება, ვისაც ისინი აშინებენ და მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ უარეს შვრებიან იმიტომ, რომ საზოგადოებაში ეს გაღიზიანებას იწვევს და უფრო მეტად ხდება ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მმართველ გუნდს მეორე ტურისთვის ორი შტაბი აქვს შექმნილი - რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე იქნება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და მეორე ტურისთვის მოსახლეობის სრულ მობილიზებას შეეხება. შესაბამისად ოპოზიციის ბრალდებები აბსურდია.

„არის, ბუნებრივია, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები, განიხილება ყველა საკითხი იმისთვის, რომ უფრო მეტი მობილიზება მოხდეს, კონსოლიდირება მოხდეს რესურსების, ძალების და შესაბამისად, უფრო მზად ვიყოთ მეორე ტურისთვის. ორგანიზაციული კუთხით რაღაც ხარვეზები იყო, რომელიც უნდა გამოსწორდეს, არის ასევე საკითხები, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომელიც შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ძალიან მკაფიო, გასაგები და საგრძნობი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.