2018-12-27 10:05 ნანახია: 129-ჯერ

20 წლის ბიჭმა ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტი გადაწვა - პოლიციამ ხანძრის გამჩაღებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.