2018-12-28 16:29 ნანახია: 105-ჯერ

პუტინი ირანისა და თურქეთის ლიდერებს მოსკოვში ელის

2019 წლის დასაწყისში მოსკოვი თურქეთისა და ირანის ლიდერებს უმასპინძლებს. ვლადიმირ პუტინი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ჰასან როუჰანი შეხვედრაზე სირიის კონფლიქტს განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა. განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის გადაწვეტილება სირიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.

შეხვედრა 2019 წლის პირველივე კვირაში გაიმართება, იუწყება სააგენტო ფრანს პრესი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, მიხეილ ბოგდანოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომლის განცხადება ინტერფაქსმა გაავრცელა.

ეს შეხვედრა ერთერთი ბოლო ნაბიჯი გახდება ასტანას სამშვიდობო პროცესში, რომელიც 2017 წელს რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებებით დაიწყო. რუსეთი და ირანი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.

ბოლოს რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს სექტემბერში, ირანში შეხვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა სირიიდან 2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანის შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, 20 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების ჯგუფი დამარცხებულია.