2019-01-19 17:15 ნანახია: 475-ჯერ

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიურმა სკანდალმა იფეთქა

რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური სკანდალია ატეხილი, რომელმაც უკვე საკმაოდ მკვეთრი სახე მიიღო. კერძოდ, რუსეთი აზერბაიჯანს ეთნიკური ნიშნით სომხური წარმოშობის მქონე რუსეთის მოქალაქეების აზერბაიჯანში არშეშვებას და საზღვრიდან უკან გამოშვებას ედავება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ლეილა აბდულლაევა 18 იანვრიდან მოყოლებული ამ საკითხზე საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთს სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირებამ განსაკუთრებით სერიოზული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც იანვრის დასაწყისში რუსეთის მოქალაქე ქრისტინე გევორქიანმა თავის „ფეისბუკ" გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხური გვარის გამო ის ბაქოში ახალი წლის აღსანიშნად არ შეუშვეს და მასთან ერთად კიდევ ორი ოჯახი გამოაბრუნეს აზერბაიჯანის საზღვრიდან.

რუსულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს „დიპლომატიურ უზრდელობაშიც" დასდო ბრალი და განცხადებაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული პასუხი საკმაოდ უხეში და დიპლომატიური ნორმებისთვის შეუფერებელი იყო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ლეილა აბდულლაევა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანის მიერ სომხური წარმოშობის მქონე რუსეთის მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და აზერბაიჯანი ყოველთვის მზადაა მიიღოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად სომეხი სტუმრებიც.

განცხადების გაკეთებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენჯერმე იყო განხილული მოცემული საკითხი და საბოლოოდ აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პრობლემის მოგვარების ვალდებულება, რასაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე გადაჭრით უარყოფს:

ჩვენ რეგულარულად ვაყენებდით ამ საკითხს აზერბაიჯანულ მხარესთან, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, არასწორ და ცუდ ტრადიციად იქცა. ჩვენ ვითხოვდით ამ პრაქტიკის შეწყვეტას, რადგან ის არ შეესაბამება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს", - განაცხადა ზახაროვამ.

ლეილა აბდულლაევამ განმარტა, რომ ამ საკითხზე აპელირება და პრობლემის გაზვიადება კონკრეტული პიროვნებების ინტერესებშია, რომელთაც ბოლო პერიოდში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის დაძაბვა, ხოლო აზერბაიჯასა და რუსეთს შორის კი ურთიერთობის გაღრმავება ძალიან აწუხებთ.

როგორც აღინიშნა, პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთისთვის რაიმე კონკრეტული დაპირების გაცემას  აზერბაიჯანული მხარე კატეგორიულად უარყოფს:

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა მისცა ამ სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიულად აურვყოფთ ამას. აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობა თანასწორობაზეა დაფუძნებული და გამოთქმა - „გამოასწორებენ სიტუაციას" - ეწინააღმდეგება ორმხრივი, თანასწორი ურთიერთობების არსს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული მორიგი პროვოკაციული და ანტიაზერბაიჯანული განცხადება არ იქონიებს ნეგატიურ გავლენას რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე", - დასძინა აბდულლაევამ.

სწორედ ამ კომენტარმა გამოიწვია რუსეთის ფედერაციის უკმაყოფილება და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარი დიპლომატიური ურთიერთობის ტონს სცდება.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მსგავსი ქმედებები მიუღებელია.

რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისგან ოფიციალურ განმარტებებს ითხოვს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი რუსეთის მოქალაქეების აზერბაიჯანში არშეშვების თითოეული შემთხვევა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალურმა მოსკოვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ კომენტარში დაინახა მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შეშვებამდე სურს, რომ სტუმრებმა მოგზაურობა რუსეთში არსებულ აზერბაიჯანის საელჩოსთან შეათანხმონ.

რუსეთის განმარტებით, ეს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას გულისხმობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას ითხოვს.