2019-01-26 14:21 ნანახია: 365-ჯერ

ვენესუელა რეჟიმის დამხობის შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გააუქმებს

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და აშშ-რუსეთს შორის ამ დიდ გეოპოლიტიკური თამაშის პროცესში დიდი შფოთია ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებში, რომ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში ისინი კრემლის ფულით ნაყიდ „აღიარებას" კარგავენ, რაც მათთვის „საგარეო ფლანგზე უდიდესი დარტყმაა".

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა 4 ქვეყანას აქვს აღიარებული - ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას და ყველა ეს „აღიარება" კრემლის დიდი ძალისხმევითა და ფინანსებით მოხდა. რუსეთს ვენესუელაში ათობით მილიარდი აქვს ჩადებული ნავთობის ბიზნესში, იარაღის წარმოებასა და სესხის სახით. ახლა ის კარგავს არა მარტო ერთ ანტიამერიკულ ქვეყანას, არამედ მილიარდებსაც. პარალელურად კი ცხინვალი და სოხუმი კარგავენ მხარდამჭერ ქვეყანას, სადაც 10 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დე ფაქტო ლიდერებიც იყვნენ ჩასულები, რაც „საგარეო ფლანგზე" უდიდეს წარმატებადაც შეაფასეს სოხუმსა და ცხინვალში.

ამიტომაც რუსეთის შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები იყვნენ პირველები, ვინც მადუროს რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგმეს „აშშ-ის ინტერვენცია".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ "ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის დამახასიათებელი ცინიზმით აშშ-ის ხელისუფლება უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს - ვენესუელის შიდა საქმეებში და არსობრივად, ახდენს ისედაც რთული ვითარების შემდგომი ესკალაციის პროვოცირებას, რაც მიუღებელია" და ამ პროცესში „აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს".

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები „კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების შეუმდგარ მცდელობად" შეაფასა. განცხადება გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც. „ამერიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად აგდებს ხალხის აზრს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც წყეული მსოფლიო დემონის (ამერიკის) მარწუხების ქვეშ მოექცა, რომელმაც საქართველო შეიარაღებითა და ტექნიკით აღჭურვა სამხრეთ ოსეთის ხალხის გასანადგურებლად, თუმცა რუსეთის წყალობით მათ სისხლიან კლანჭებს დავაღწიეთ თავი".

ვენესუელაში აქციები ისევ გრძელდება და პოლიტოლოგებს უჭირთ პროგნოზი. მათი თქმით, გადამწყვეტია დადგება თუ არა ხალხის მხარეს არმია, რადგანაც გენერლების დიდი უმეტესობა ნავთობის ბიზნესში ჩართული, რითაც მადუროს ხელისუფლებას მათი ერთგულება აქვს ნაყიდი.

საქართველოს ხელისუფლება ვენესუელას კრიზისში ოპოზიციას უჭერს მხარს და აშშ-ის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამ მხარდაჭერით თბილისში დიდი მოლოდინია, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ვენესუელა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს. ამ მოლოდინს კი ბევრი ფაქტორი ამყარებს.

ერთი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერში ხუან გუადოს დროებით პრეზიდენტად მხარდაჭერას ვენესუელას ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერების გამოხმაურება მოჰყვა, მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს და თქვეს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარებები" უპირობოდ გაუქმდება.

აღიარებების გაწვევაზე თბილისის იმედებს სხვა ფაქტორებიც ამყარებს. პოლიტოლოგების თქმით, თუკი ვენესუელაში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ახალ ხელისუფლებას აუცილებლად დასჭირდება ეკონომიკური დახმარება აშშ-სა და ევროკავშირისგან. ისინი კი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ ვენესუელას ახალი ხელისუფლება მოუწევს გამოასწოროს წინა ხელისუფლების შეცდომა და კარაკასს ცხინვალისა და სოხუმის აღიარების საკითხს უკან გაიწვევს არა იმიტომ, რომ შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, არამედ ეს იქნება მისი სტრატეგიული ნაბიჯი დასავლეთიდან უფრო დიდი მხარდაჭერის მისაღებად, რომლის გარეშეც ვენესუელა ვერ შეძლებს ღრმა კრიზისისგან გამოსვლას.

„ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზები და ოსები შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან მათ ესმით, რომ ყველი უკან წაღებული აღიარება არის დიდი მინუსი მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე და ვენესუელას მხარდაჭერის დაკარგვა კიდევ ერთხელ დაანახებს მათ, რამდენად მყიფეა მათი „აღიარებები".

„აშშ და რუსეთი ვენესუელაში დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებს თამაშობენ. წინასწარ არ ვიცით, რით დასრულდება პროცესი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდ შანსი ჩვენთვის, რომ აღიარებების გაწვევა მოხდეს. ვენესუელის ოპოზიციას ადრეც ხშირად განუცხადებია, რომ ეს იყო შეცდომა კარაკასის მხრიდან. ხოლო ახლა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუაიდოს გამოუცხადა მხარდაჭერა, ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ განაცხადა, რომ გაწვევა მოხდება. გარდა ამისა, აშშ უჭერს მხარს ოპოზიციას და ესეც იძლევა უდიდეს შანსს, რომ აღიარებას გაიწვევენ", - ამბობს ცქიტიშვილი.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, სეპარატისტული რეგიონების აღიარება-არაღიარების თემა ეს დიდ პოლიტიკის ნაწილია.

„ვენესუელაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არც ჰქონდათ გაგებული, სანამ უგო ჩავესმა არ აღიარა და ეს რუსეთის ზეწოლით მოხდა 2009 წელს. თუ მადურო გუაიდომ შეცვალა, ამ აღიარების გაწვევა აუცილებლად მოხდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება იმის დასტური, რამდენად ფიქციაა აფხაზების და ოსების „დამოუკიდებლობა". ტუვალუმ ხომ გაიწვია აღიარება ადრე და ახლა ამას დიდი სახელმწიფოც რომ დაემატება, ეს ამ სეპარატისტული რეჟიმების მეთაურებისთვის დიდი დარტყმა იქნება. ამიტომაც, ახლა განწყობას ქმნიან, რომ აშშ ერევა სხვის საქმეებში და ამის გამო იჩაგრება მათი პოზიციები,"- აღნიშნავს არეშიძე.

მისი თქმით, მადუროს დამარცხება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამის შემდეგ გამორიცხულია ვენესუელამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „აღიარება" უკან არ გაიწვიოს და ეს გაწვევა ჩვები აქტიურობის გარეშეც კი მოხდება.

„აქ მარტო ჩვენში არ არის საქმე. აშშ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას თავისი გავლენის რეგიონად თვლის, ეს არის ე.წ მონროს დოქტრინა, რომელიც თავის დროზე აშშ-მ საგარეო პოლიტიკური კურსთან დაკავშირებით მიიღო. აქიდან გამომდინარე აშშ-ს არანაირი სურვილი არ აქვს, თავისიანად აღებულ ზონაზე, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაზე რუსებს გავლენები ჰქონდეთ. ვენესუელას გარდა ბოლოვიაც იყო, რომელიც რუსეთიდან მიიღო გარკვეული დივიდენდები, 4 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი და ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ამისთვის ხელი შეეშალათ. ასე, რომ ჩვენში არ არის საქმე. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესები და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და მადუროს წასვლის შემდეგ ამ აღიარების უკან გაწვევა აუცილებლად მოხდება. ამდენად, ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა," დასძენს არეშიძე.