2019-02-05 10:01 ნანახია: 147-ჯერ

საქართველო-რუმინეთი-ბულგარეთის სამკუთხედი შავ ზღვაში

"ამერიკამ შეიძლება ბულგარეთისა და რუმინეთის საქართველოსთან შავი ზღვის აუზის აკვატორია შეკრას. შექმნას სამეთვალაყურეო პუნქტები და ჩაატაროს მონიტორინგი - თუ როგორ ავითარებს რუსეთი თავის სამხედრო პოტენციალს და იყოს ერთგვარი საპირწონე რუსული საზღვაო-სამხედრო ძალების ჰეგემონობის აღსაკვეთად," - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.

"ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და "პეის ჯგუფს" შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ფოთში აშენდება ახალი პორტი და ტერმინალი." ამის შესახებ 4 თებერვალს "პიერ-ჯგუფისა" და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (წზ|ს) მიერ პეირ ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო და მისი დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ამ პორტის მშენებლობაში მონაწილეობს ორი ამერიკული კომპანია - თთფ ქფკშტუ და სწტეშ |ტეუკტფეშწტფდ.

რას შეიძლება ნიშნავდეს ბოლო დროს აშშ-ის ასეთი გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში და, ეკონომიკური თვალსაზრისის გარდა, ფოთის პორტს რა გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აშშ-ის გააქტიურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს - ერთ-ერთი რუსეთთან, როგორც გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან, დაპირისპირებაა.

"შეინიშნება როგორ აშშ-ის, ასევე ევროკავშირის გააქტიურება, რაც მნიშვნელოვანია. აშშ-ის გააქტიურება ძირითადად უკავშირდება შემდეგ ფაქტორებს: შავი ზღვის აკვატორია ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. აშშ-ს სურს, რომ დაუპირისპირდეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს - რუსეთის ფედერაციას.

"შემთხვევითი არ არის, რომ 2019 წლის დასაწყისში ამერიკული სამხედრო გემი შავი ზღვის აკვატორიაში შემოვიდა. პირველი სამხედრო გემი შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ შევიდა.

"მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობაც. ვიცით, რომ ახალი სამხედრო პროგრამა უნდა ამოქმედდეს და აუცილებელია ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება იმისთვის, რომ ამერიკული სამხედრო დანიშნულების ტვირთი სწორედ ფოთის პორტში განთავსდეს," - აღნიშნა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ახალ "ცივ ომზე" საუბრობს, რომელიც უშუალოდ რუსეთსა და აშშ-ის შორის მიმდინარეობს, რაც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.

"ამერიკელებმა ყირიმის მიმართულებით გააძლიერეს თავიანთი სამხედრო-სადაზვერვო როგორც პილოტიანი, ისე უპილოტო თვითმფრინავების ფრენის ინტენსივობა.

"გასაგებია კიდევაც ამერიკელების გააქტიურება თუნდაც ფოთის შავი ზღვის აუზის აკვატორიაში - ახლა მიდის ახალი ცივი ომი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ახალი ცივი ომი შემდგარი ფაქტია, რომელიც სახუმარო საქმე არ არის.

"ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ, - საუბარია სტრატეგიულ სტაბილურობაზე. ორივე ქვეყანა ემზადება ბირთვული პრევენციული დარტყმის მიყენებისათვის ორივე მოკავშირე ტერიტორიებზე.

"ნუ გვიკვირს შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთისა და ამერიკის აქტივობის გაზრდის ტემპი, რომელიც იქნება პირდაპირპროპორციული ამ პროცესებისა და ამაში ეჭვი არავის ეპარება," - განაცხადა მაისაიამ.

ჩიტაძე განმარტავს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გააქტიურების მიზეზს - რომ აშშ სტრატეგიულ პარტნიორებს ეძებს იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა.

"მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, აშშ მართვადი ტიპის რაკეტებს გადასცემს თურქეთს, თუმცა ისევ იჩინა თავი უთანხმოებამ ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო. აშშ თურქეთს არ განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. რუსეთს კი განიხილავს, როგორც მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.

"აშშ ეძებს მოკავშირეებს თუნდაც შავი ზღვის აკვატორიაში. მყარი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ რუმინეთი და ბულგარეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები, ასევე, საქართველო და უკრაინა, ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორები. ამიტომაც გასაკვირი არაა სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის.

"ნატო-ს წვრთნების ჩასატარებლად შავი ზღვის აკვატორიაში ფოთის პორტის მნიშვნელობა მეტად დიდია, რომ მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს.

"ამასთანავე, აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება შავი ზღვის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონში. ხდება თურქეთის დაბალანსება აშშ-ის მხრიდან. იგი ნატო-ს წევრია, მაგრამ არსებობს უთანხმოება, რომელიც უკავშირდება ვენესუელის კრიზისს, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას და ა.შ," - აღნიშნა ჩიტაძემ.

ვახტანგ მაისაია ფოთის პორტის მნიშვნელობასა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრობს, რაც რუსული ბატონობის აღკვეთის საფუძველი იქნება.

"ფოთის პორტს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს - იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამხედრო-სანავიგაციო, ასევე, სამხედრო-სატრანზიტო, საზღვაო-სატრანზიტო ტიპის მონაკვეთისთვის, სადაც ამერიკულ და ნატოს გემები მოახდნენ გაჩერებას, მოსვენებას, იქნება ლოჯისტიკური ტიპის ცენტრი.

"ამასთანავე, ფოთის პორტს გააჩნია კარგი გეოსტრატეგიული ელემენტები, რომლისაგანაც შეიძლება მოახდინოს შავი ზღვის აკვატორიის მონიტორინგი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრევენციული ზომების ელემენტების შემოღება.

"ჩვენი დასავლელი სტრატეგიული მოკავშირეების გააქტიურება იგივე სამხედრო-საზღვაო კუთხით ხდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება, რუსულ ჰეგემონიას კი დაესვას წერტილი.

"რუსეთ-ამერიკას შორის სტრატეგიული შეიარაღების რბოლის კონტექსტი, გასაგებია - ვაშინგტონის ხელშეკრულება უკვე გამოცხადებულია მკვდრად. ჩვენ თუ დავალთ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში, ბალანსის პირობების შენარჩუნება და რუსული ჰეგემონის შეკავება, ეს ლოგიკური მომენტია.

"გასაგებია, რომ ახალი ცივი ომია და აქ შავი ზღვის აკვატორია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - განაცხადა ვახტანგ მაიასია.

ჩიტაძის აზრით, ფოთის პორტის მშენებლობა საქართველოს პოლიტიკურ წონას უფრო მეტად გაზრდის.

"თუ ფოთის პორტი გამტარუნარიანობა გაიზარდა, ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური წონაც გაიზრდება. საქართველოს პოლიტიკური წონა გაზრდილია კიდეც. საქართველოს არამარტო ეკონომიკური, გეოსტრატეგიული ფუნქციაც იზრდება.

"აშშ, ევროკავშირი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უფრო მეტად არის მოტივირებული და კიდევ უფრო გაიზრდება იმისთვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა კავკასიის რეგიონში, რადგან ეს უფრო მეტად და მეტად შედის დასავლეთის ინტერესებში" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.