2019-02-11 08:36 ნანახია: 180-ჯერ

ივანიშვილის დაცვა უკვე ძალიან მიჭირს... იგი პროცესებს სექტის ლიდერივით მართავს - ხუხაშვილი

ანალიტოკის გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკური აქტიურობა და ემიგრაციასთან შეხვედრები, პოლიტიკურად ტემპერატურის მაღლა აწევას ემსახურება. ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა უკრაინის სცენარი გაითამაშოს და ის სახლში ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდეს. მისი აზრით, საქართველოში უამრავი პრობლემებია, თუმცა სისტემა იმდენად ჩამოშლილი არ არის, რომ სააკაშვილს სამრთლებლივად პასუხი ვერ აგებინონ.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს სააკაშვილმაც კარგად იცის, თუმცა ის ამით ხელისუფლების შერყევას და მათ პანიკაში ჩაგდებას ცდილობს, რათა „კიდევ უფრო მეტი სისულელე გააკეთონ“. 

ხუხაშვილი „ოცნებაში“ შექმნილ სიტუაციასაც აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა  პოლიტიკური სისტემების მართვა სექტის ლიდერივით დაიწყო და მისი ბოლოდროინდელი ქმედებები პოლიტიკურ ლოგიკას სცდება. ამიტომაც მისი დაცვა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. 

„რეზონანსი“: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ხვდება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აპირებს ის იმ სცენარის გათამაშებას, რაც უკრაინაში გააკეთა? რამდენად რეალურია ემიგრანტებთან ერთად საქართველოს საზღვარს მომდგარი ვიხილოთ? 

გია ხუხაშვილი: მე არ ვფიქრობს, რომ საქართველოში იგივე სცენარის გათამაშება შესაძლებელია. უკრაინაში და საქართველოში არსებული ვითარება, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის უამრავი პრობლემისა, მაინც რადიკალურად განსხვავდება. ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა იმდენად სააკაშვილი არ არის, როგორც საკუთარი სიბრიყვე. 

სააკაშვილი დღევანდელ ვითარებაში საზღვარს მოადგეს და ამას რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვეს, ეს არ მოხდება. საქარველოს ხელისუფლება ამდენად ჩამოშლილიც არ არის. სააკაშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც ამ ნაბიჯს არ გადადგმას. 

„რ“: მაშინ რაში მდგომარეობს მისი გეგმა, რას ნიშნავს მისი ამ კუთხით აქტიურობა? 

გ.ხ.: სააკაშვილის  მხრიდან ასეთი აქტიურობა პოლიტიკურ ცეცხლში მუდმივად შეშის შეკეთების მცდელობაა. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური ტემპერატურა მუდმივად მაღალ ნიშნულზე ჰქონდეს. ამასობაში კი ხელისუფლებამ მისი პერსონის მიმართ ისტერიული შიშით კიდევ დამატებით შეცდომები დაუშვას. 

არ მგონია დღეს ეს თემა აქტუალური იყოს, თუმცა ხვალ და ზეგ თუ ხელისუფლება ამ სისულელეებს გააგრძელებს, გამორიცხული მერე უკვე აღარაფერია. 

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული სულელური და აბსურდი წერილით ხელისუფლებამ ფაქტობრივად თქვა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვარო. მან ხელი იმ სასამართლო მანკიერ სისტემაზე მოაწერა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს შეიქმნა. 

„ოცნების“ მთავარი პრობლემა „ოცნებაა“ და არა სააკაშვილი. მას მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების გამოყენება შეუძლია და დამერწმუნეთ ამას მშვენივრად იზამს, ის ამის სპეციალისტია. სააკაშვილის ეს ქცევა ხელისუფლების საჩვენებლად არის, რომ აქ რყევები გაგრძელდეს და ის სისულელეები აკეთონ, რასაც ის კარგად გამოიყენებს. 

„რ“: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ბესელია და მისი თანამოაზრეები ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ხომ არ დაძაბავს? ჩვენ მოსამართლე მეთოფიშვილის განცხადებები უკვე ვნახეთ. ეს არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს? 

გ.ხ.: სასამართლოში რომ გადავხედოთ ვინ არიან სპიკერები, კარგად მივხვდებით საქმე რასთანაც გვაქვს. დღეს სასამართლოს გვრიტიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე და მეთოფიშვილი წარმოადგენენ, რომლებსაც იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში სამართალს ამკვიდრებდნენ, პოლიტიკურ ოპონირების რეჟიმში არიან და აქეთ ბრალდებებს აყენებენ. ასეთი ხალხის ხელში მართლმსაჯულება საკმაოდ საშიშია და ეს უკან კარგად არავის დაუბრუნდება. რა უბედურებაში ვართ, ხომ წარმოგიდგენიათ. 

ბევი არაფრის იმედი არ მაქვს პოლიტსაბჭოს წარმოუდგენელი წერილის შემდეგ. მიშა სააკაშვილის დროსაც კი არ მახსოვს „ჩემი შენ გითხარი“ პრინციპით მოქმედება. ვინც ამ მანკიერი სისტემის შენარჩუნებას ეწინააღმდეგება, ყველას „ნაციონალებს“ ეძახიან. არა და ამ დროს „ნაციონალები“ თავად არიან. 

ჩვენ სააკაშვილის ჯინი კი არ გვჭირდა და მას პიროვნულად კი არ ვებრძოდით. ჩვენ ვებრძოდით სისტემას, რომელსაც კრებსითი მურუსიძე წარმოადგენდა. ხელს სხვისკენ ნუ იშვერენ, კონტრაქტზე ხელმოწერა უკვე გააკეთეს. 

„რ“: საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ სხდომებზე მინდა გკითხოთ. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, ივანიშვილმა ბესელიას და კობახიძის შერიგება სცადა. ფაქტია, რომ მას პარტიაში დაპირისპირება არ სურს. მეორე დღეს კი ბესელიას პირადი  ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ საბოტაჟს აქვს ადგილი და ივანიშვილი შიგნით სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს?

გ.ხ.: აღარ ვიცი რა ვიფიქრო. სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის დაცვა უკვე ძალიან მიჭირს. მურუსიძის დაწერილი წერილიც ხომ არ დაუმალეს, ფაქტია, რომ მას პოლიტსაბჭოზე ხელი მოაწერა და დაეთანხმა. სამწუხაროდ საქმე უფრო იმაზე მძიმედ არის ვიდრე მე ვფიქრობ. 

„რ“: როგორ ფიქრობთ, ამ სიტუციაში ივანიშვილს გათვიცნობიერებული აქვს ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გადაიხდის? ბესელიას და მისი თანამოაზრეების პარტიიდან გასვლა პოლიტიკურად უფრო იაფი დაუჯდება? 

გ.ხ.: როგორც ჩანს, ივანიშვილი უკვე სიტუაციის მძეველია და ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოდის. ის გრძნობს კომფორტს, როდესაც პოლიტიკურ სისტემებს რელიგიური პრინციპებით მართავს. საერთოდ, მგონია მოსწონს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაც არ უნდა. 

ამ საქციელის პოლიტიკური ლოგიკით ახსნა უკვე შეუძლებელია. ამას ის მხოლოდ კატასტროფისკენ მიჰყავს. ეს უკვე რწმენის და სარწმუნოების საკითხია. ფაქტობრივად სექტის პრინციპით დაიწყო ყველაფრის მართვა. 

„რ“: ვხედავთ, რომ „ოცნების“ შიგნით საკმაოდ მძიმე პროცესებია დაწყებული. კართან ასევე შუალედური არჩევნები გვაქვს მომდგარი. რას ურჩევთ ახლა ოპოზიციას, რა გეგმა უნდა დასახონ მათ იმისთვის, რომ სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ?

გ.ხ.: არსებულ ოპოზიციას ვერაფერს ვერ ვურჩევ. ყველას თავისი პრობლემები აქვს. ვფიქრობ, რომ სრულიად ახალი პოლიტიკური ცენტრებია გასაჩენი. სხვაგვარად არაფერი არ შეიცვლება და მუდმივად ერთ წრეზე ვიქნებით.